ლოთის მიერ საცხოვრებლად ამორჩეული ადგილი ვერ გამოდგა სახეირო. არ გასულა დიდი ხანი მას უკან, რაც იგი განშორდა აბრაამს, რომ მას შეემთხვა დიდი უბედურება. სოდომს და სხვა ახლო ქალაქებს ჯარით დაესხნენ უცხო მეფენი, დასძლიერ სოდომის მცხოვრებლებს, დაარბიეს და წაასხეს ტყვეებად. ტყვეებში ერია თვით ლოთიც.
შეიტყო თუ არა აბრაამმა ძმისწულის უბედირება, მაშინვე შეკრიბა თავისი სამასთვრამეტი სახლიწული (მსახური), მოიწვია საშველად ზოგიერთი მეზობელი, გამოუდგა გამარჯვებულებს, დაეწია და უცებ დაესხა თავს. შეეწია ღმერთი და აბრაამმა სძლია მტრებს. აბრაამმა მათ დააყრევინა არა მარტო ტყვეები, რომელთა შორის ლოთიც იყო, არამედ მთელი დავლაც (მოტაცებული სარჩო).
როცა აბაარამი შინისაკენ დაბრუნდა, გზაზე მას გამოეგება მეფე ქანაანის ერთი ქალაქის, სალომისა, სახელად მელქისედეკი. ამ მეფეს სწამდა ჭეშმარიტი ღმერთი და ემსახურებოდა მას. მას გაგებული ჰქონდა აბრაამის სათნო ცხოვრება და, ნიშნად პატივისცემისა, მიაგება პური და ღვინო და აკურთხა იგი. თავის მხრივ, აბრაამმაც მიართვა მას მეათედი ნაწილი დავლისა.
აბრაამმა დაუბრუნა სოდომის მეფეეს ყველა ტყვე და მთელი მათი სარჩო. მეფემ დაუწყო თხოვნა აბრაამს, რომ მას მარტო ტყვეობიდან გამოხსნილი ხალხი დაებრუნებინა და მათი სარჩო კი თავისთვის დაენარჩუნებინა, მაგრამ აბრაამმა ცივი უარი თქვა. კეთილი საქმისათვის ჯილდოს ანუ ფასის მიღება მას არ უნდოდა, რადგანაც უანგარო კაცი იყო. მან ამგვარად უპასუხა: „განვიპყრობ ხელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, და შემოგფიცავ, რომ ერთ ბეწვსაც არ ვინდომებ მათი ქონებიდან. რათა არა თქვან ჩემზედ, რომ იგი სხვისი მონაგარით გამდიდრდაო“.
ამის შემდეგ ლოთი ისევ ქალაქ სოდომთან ცხოვრობდა, მაგრამ სრულიად კი არ დაიღუპა საშინელი უბედურებისაგან, რომელიც ამ ქალაქს ეწია.
სოდომის და ახლო ქალაქების მცხოვრებლები მეტად ბოროტნი, ბიწიერნი და საშინლად გარყვნილნი იყვნენ. უფალი ხედავდა, რომ მათგან მოულოდნელი იყო სინანული და სწორ გზაზე მოქცევა. ხოლო ცოდვანი მათნი ისეთი მძიმენი, რომ მათი ქვეყანაზე დარჩენა საშიში იყო: სხვებიც მათ მაგალითს წაბაძავდნენ და მთელი ქვეყანა გაირყვნებოდა. ამიტომ უფალმა გადაწყვიტა, სამაგალითოდ დაესაჯა ისინი. თუ რა იყო ეს საშინელი სასჯელი, გამოჩნდება შემდეგი ორი მოთხრობოდან.
/დაბ. 14, 1-23/