ძველი აღთქმა

დაბადება

კაენისა და სეითის შთამომავალნი

კაენისა და სეითისაგან მეტად ჩქარა გამრავლდა ხალხი ქვეყანაზე. ეს სწრაფი გამრავლება მოხდა იმიტომ, რომ მაშინ ადამიანები იყვნენ მეტად დღეგრძელნი. ბევრი მათგანი ცხრაას წელიწადზე მეტს ცოცხლობდა.

სეითის შთამომავალნი იყვნენ სათნონი და კეთილნი. მათ დაერქვათ სახელად „ძენი ღვთისანი“ იმიტომ, რომ ღმერთი მუდამ ახსოვდათ, ერთგულად თაყვანს სცემდნენ მას და ასრულებდნენ მის ნებას. აგრეთვე დიდი სიყვარული და ხათრი ჰქონდათ ერთმანეთისა და ყოველ ბოროტ საქმეს ერიდებოდნენ. მამები და პაპები შვილებსა და შვილიშვილებს ყოველ კეთილს ასწავლიდნენ და კეთილ მაგალითს უჩვენებდნენ. ერთმა მათგანმა, სახელად ენუქმა, ისე აამა უფალს თავისი წმინდა ცხოვრებით, რომ მან სიკვდილს წაართვა მასზედ ძალა და ზეცაში ცოცხალი აიტაცა.

კაენის შთამომავალნი კი მასვე დაემსგავსნენ და იყვნენ ბოროტნი. იმათ სრულიად დაივიწყეს ღმერთი, სძულდათ ერთმანეთი, ახსოვდათ მარტო საკუთარი თავი და ბიწიერი ცხოვრება ჰქონდათ. მათ შორის გავრცელდა: შური, სიცრუე, ცილისწამება, გარყვნილება, შფოთი, მკვლელობა და სხვა ბოროტება, ამიტომ მათ სახელად დაერქვათ „ძენი კაცისანი“.

/დაბადება 5, 3-32/