კაენი და აბელი
ადამი და ევა დასახლდნენ სამოთხის ახლოს. მათთვის დაიწყო ის მწარე, ტანჯვითა და წვალებით სავსე ცხოვრება, რომელიც მათ ღმერთმა სასჯელად დაუნიშნა. დარდი, ვარამი, ავადმყოფობა, ოფლისღვრით შრომა, სიღარიბე სულ ერთად დაატყდათ თავზედ. მალ-მალ იგონებდნენ ისინი უწინდელ ბედნიერ ცხოვრებას, მწარედ ნანობდნენ თავიანთ შეცდომას და მდუღარე ცრემლსა ღვრიდნენ. ამ უბედურებაში მათ ჰქონდათ ერთადერთი იმედი: ისინი იგონებდნენ ღვთის აღთქმას, რომ დედაკაცის შთამომავალი დათრგუნავდა ეშმაკს და გამოიხსნიდა მათ ცოდვისა და ტანჯვისაგან. ისინი მოელოდნენ გამომხსნელს, მაცხოვარს.
ევას ეყოლა ორი ვაჟიშვილი: კაენი და აბელი, რომელთაც დაბადებიდანვე დაჰყვათ პირველყოფილი ცოდვა. კაენი იყო მხნელ-მთესველი, აბელი – მეცხვარე.
ერთხელ მათ უფალს მსხვერპლი შესწირეს. კაენმა შესწირა ჭირნახული, აბელმა – პირველშობილი კრავი. მსხვერპლის შეწირვა ასე მოახდინეს: დააგროვეს ცალ-ცალკე შეშა, დადეს ზედ მსხვერპლი და წაუკიდეს ცეცხლი. კაენის ცეცხლის ბოლო მიწას გაეკრა, აბელის მსხვერპლის ალი პირდაპირ ზეცას წავიდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ უფალმა მიიღო მსხვერპლი უმცროსი ძმისა, ხოლო უფროსისა კი უარყო.
რად? იმიტომ, რომ აბელმა წმინდა გულით, სარწმუნოებით და მოწიწებით მიართვა შესაწირავი, კაენის გული კი ამ დროს უწმინდური და ღვარძლით სავსე იყო.
კაენი შურით აივსო, გაბრაზდა და სახეზე შეიშალა ბოროტებისაგან. გულთამხილავმა ღმერთმა ყველაფერი იცის, რაც კი კაცის გულში იბადება, ხედავდა კაენის ცუდ განზრახვასაც და უნდოდა, გაეფრთხილებინა იგი. გამოეცხადა მას და უთხრა: „რად ხარ, კაენ, გაჯავრებული? და რად გაქვს სახე შეშლილი და აღშფოთებული? გაფრთხილდი, თორემ ცოდვა კარზე გადგას, ნუ დაემონები მას, პირიქით, ეცადე, თვითონ დაჯაბნო იგი“.
მაგრამ, საუბედუროდ, კაენს ღრმად ჰქონდა ჩარჩენილი გულში შური და სიძულვილი ძმისა და არ შეისმინა ღვთის სიტყვა. ჯავრის ამოსაყრელად კაენმა გაიტყუა მინდვრად აბელი, მივარდა უცებ, დაარტყა თავში კეტი და მოკლა.
/დაბადება 4, 1-8/