როდესაც იაკობი გადასახლდა ეგვიპტეში, ღმერთმა მისცა მას ამისთანა აღთქმა: „მე წარმოვადგენ შენგან დიდ ხალხს“. მართლაც, გავიდა რამდენიმე ასი წელიწადი და იაკობის თორმეტი შვილის შთამომავალთაგან შედგა დიდი ისრაელის ხალხი, რომელიც განიყოფოდა თორმეტ ტომად, თანახმად თავიანთი თორმეტი წინაპრისა.
სანამ იოსები ცოცხალი იყო, იაკობის შთამომავლობა კარგად, თავისუფლად ცხოვრობდა, მათი შევიწროვება არავის შეეძლო, მაგრამ რაკი იოსები მოკვდა და ისრაელთ მოაკლდათ მძლავრი მფარველი, მათი მდგომარეობა თანდათან უფრო და უფრო გაცუდდა. ბოლოს ეგვიპტეში გამეფდნენ იმისთანა ფარაონები, რომლებსაც სრულიად არ ახსოვდათ იოსების სიკეთე და ღვაწლი. ამიტომ მათ ბოროტი თვალით დაუწყეს ისრაელთ ყურება. ისინი ასე ფიქრობდნენ: „ეს ხალხი საკვირველად მრავლდება და ჩვენზე ძლიერი ხდება. რომელსამე უცხო ქვეყანასთან რომ ომი მოგვიხდეს, შეიძლება ისრაელნი ჩვენი მტრის მხარეს გადავიდნენ, დაგვამარცხონ, მტრის ხელთ მიგვცენ, თვითონ დაანებონ ჩვენს სახელმწიფოს თავი, წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში და თან წაიღონ ქონებაო“. ფარაონები ასე იმიტომ ფიქრობდნენ, რადგანაც გაგებული ჰქონდათ, რომ ისრაელნი ეგვიპტეს დროებით ბინადა თვლიდნენ, თავიანთ სამშობლოდ მიაჩნდათ ქანაანის ქვეყანა და განზრახვა ჰქონდათ, მომავალში მოხერხებული შემთხვევით ესარგებლათ, გასულიყვნენ ეგვიპტიდან და გადასახლებულიყვნენ სამშობლოში.
ფარაონები ჯერ შეეცადნენ, ეგვიპტელებთან შეეერთებინათ ისრაელნი და ერთ ხალხად ექციათ. დაუწყეს დევნა მათ ენას, სარწმუნოებასა და ჩვეულებათ. სურდათ, რომ ისრაელთ დაევიწყებინათ თავიანთი ენა, სარწმუნოება, ეროვნება, დაეწყოთ ლაპარაკი ეგვიპტურ ენაზე, მიეღოთ ეგვიპტელების სარწმუნოება და მათი ეროვნება შეეთვისებინათ.
მაგრამ ისრაელთ საკვირველად უყვარდათ დედაენა და მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზე. დევნამ უფრო მომეტებულად შეაყვარა მათ ერთიც და მეორეც. მართალია, მათ შორის გამოჩნდა ზოგიერთი მოღალატე, რომელნიც ფულის გულისათვის და ჯამაგირიანი ადგილების მისაღებად გადაუდგნენ თავიანთ ხალხს, მაგრამ ესენი იყვნენ სულით მდაბალნი, წუწკნი არსებანი, რომელთა მოსხლეტა და განშორება ისრაელთათვის სასარგებლო იყო, როგორც შესაყარი ავადმყოფობით დასნეულებულის კაცის მოშორებაა კარგი მრთელთათვის. ეს მოღალატენი ეზიზღებოდათ არათუ ისრაელთ, არამედ თვით პატიოსან ეგვიპტელთაც სძულდათ, რადგანაც იცოდნენ, რომ მათ მხარეს ფულის გულისათვის გადადიოდნენ და არა იმიტომ, რომ ეგვიპტელობა მოსწონდათ და უყვარდათ.
როცა ისრაელთა გაეგვიპტელება ვერასგზით მოახერხეს ფარაონებმა, მაშინ გადაწყვიტეს, რომ როგორმე დაესუსტებინათ ისინი, შეემცირებინათ და დაეუძლურებინათ. ამიტომ მათ მეტად მძიმე და აუტანელი ხარჯი დაადვეს - ისრაელთ ათრევინებდნენ თიხას, აწვევინებდნენ აგურს, აშენებინებდნენ ვეებერთელა შენობებს და აკეთებინებდნენ ეგვიპტელების ყოველგვარ საქმეს. ერთი სიტყვით, მთელი ხალხი მონებად, ეგვიპტელების ყურმოჭრილ ყმებად გადააქციეს.
მათ დაუყენეს ზედამხედველები, რომლებიც მუშაობის დროს ერთ წუთსაც არ ასვენებდნენ ისრაელთ, განუწყვეტლივ ამუშავებდნენ და წამდაუწუმ მათრახებითა და შოლტებით თავპირს ამტვრევდნენ, რატომ უფრო ბევრს არა მუშაობთო.
ამ მდგომარეობაში ყველა სხვა ხალხი ამოწყდებოდა, მაგრამ ისრაელნი კი უფლის განგებით თანდათან საკვირველად მატულობდნენ და მრავლდებოდნენ.
მაშინ ფარაონმა გამოსცა ერთი უდიერი ბრძანება: სადაც კი ისრაელთა ვაჟიშვილი დაიბადოს, წაართვით და წყალში გადააგდეთო.
ვაჟის დაბადება ყოველთვის და ყველგან ბედნიერება იყო და სასიხარულო საქმეს წარმოადგენდა, ფარაონის ბრძანებამ კი ეს დიდ უბედურებად გადააქცია. ყოველი დედ-მამა, რომელსაც ვაჟიშვილი მიეცემოდა, მგლოვიარედ უნდა გადაქცეულიყო და ეტირა შვილის უდროოდ დაღუპვა.
ამ საშინელთა უბედურებათ სრულიად მიაქციეს ღვთისაკენ ისრაელთა გული, სული და გონება. მარტო ერთი ღვთის იმედიღა ჰქონდათ, მარტო მასზედ სასოებდნენ, მარტო მისგან მოელოდნენ გამოხსნას და ამიტომ მხურვალე გულით ევედრებოდა უფალს მთელი ხალხი. უფალმა შეიწყნარა მათი მწარე ტირილი, მიიღო მათი მხურვალე ვედრება და გააჩინა გამომხსნელი.
/დაბ. 46, 2-3; გამ. 1, 1-22; 5, 5-19/