ძველი აღთქმა

დაბადება

ისაკის დაბადება და მისი მსხვერპლად შეწირვა

ბოლოს აღსრულდა უფლის აღთქმა. სარრას, აბრაამის ცოლს, მიეცა ძე, რომელსაც, თანახმად ღვთის ნებისა, დაარქვეს სახელად ისაკი. ეს მოხდა სწორედ უფლისაგან დანიშნულ დროს. მაშინ აბრაამი იყო სრული ასი წლის, სარრა - ოთხმოცდაათისა. გამოუთქმელ სიხარულს მისცა მოხუცი დედ-მამა ამ ღვთის მოწყალებამ. ახალშობილ ძეს ისინი შეჰხაროდნენ, როგორც უძვირფასეს საუნჯეს, ზრდიდნენ მას დიდი სიფრთხილით და ასწავლიდნენ კეთილმსახურებას, ღვთის მორჩილებას, კაცთმოყვარეობასა და დედ-მამის პატივისცემას. თვით ისაკიც იყო მეტად საყვარელი ბავშვი: წყნარი, ხათრიანი, მორჩილი, უწყინარი და მეცადინე.

მაგრამ ერთხელ უფალი გამოეცხადა აბრაამს და გამოსაცდელად მოსთხოვა მსხვერპლი: „აბრაამ! წაიყვანე ძე შენი საყვარელი, დედისერთა ისაკი, ადი ერთ მთაზე, რომელსაც მე გიჩვენებ, და იქ შემომწირე იგი მსხვერპლად“.

აბრაამს ისე მტკიცედ უყვარდა ღმერთი, რომ ერთ წუთსაც არ შეყოყმანებულა მოულოდნელი ბრძანების აღსასრულებლად.

მეორე დილითვე ადგა აბრაამი, შეკაზმა სახედარი, გაიყოლა თან ორი მონა, წაიყვანა ისაკი და გაუდგა გზას. მესამე დღეს მივიდნენ მთასთან, რომელიც უფალმა უჩვენა აბრაამს. მან ორივე მონა და სახედარი მთის ძირში დატოვა, ისაკს კი აჰკიდა ზურგზე მსხვერპლის დასაწვავი შეშა, თვითონ აიღო ხელში დანა და ცეცხლი და შეუდგა მთას.

გზაზე ისაკმა ჰკითხა: „მამილო, მარტო ეს ცეცხლი და დანა რომ მიგვაქვს, სამსხვეპლო ბატკანი სადღაა?“ „ღმერთი თვითონ გვიჩვენებს, შვილო, ბატკანს“, - უთხრა მამამ.

ბოლოს ავიდნენ მთის წვერზე. აბრაამმა ააშენა სამსხვერპლო, დააწყო ზედ შეშა, მერმე შეკრა ისაკი და დადო შეშაზე. მშვიდი კრავივით ისაკი მამას ყველაფრის ნებას აძლევდა. აბრაამმა აიღო ხელში დანა და ის იყო, უნდა დაეცა შვილისათვის, რომ ამ დროს ზეციდან მოისმა ხმა: „აბრაამ! ნუ შეახებ ხელს ყრმასა მაგას, ნურას დაუშავებ მას. ახლა ცხადად გამოჩნდა, რამდენად გიყვარს შენ ღმერთი, რადგანაც არ დაიშურე ერთადერთი საყვარელი ძე შენი“.

აბრაამი სიხარულით ცას ეწია და მაშინვე ახსნა ისაკი. მიიხედა აბრაამა და დაინახა იქვე ახლოს ცხვარი, რომელიც რქებით გახლართულიყო ჯაგებში. აიყვანა ეს ცხვარი აბრაამმა და მსხვერპლად შესწირა უფალს ისაკის მაგიერ, და მასთან, გადაუხადა მხურვალე მადლობა უფალს, რომელმაც ისაკის დაბრუნებით დიდი მოწყალება გამოიჩინა.

როგორი დიდიც იყო სარწმუნოება და სიყვარული აბრაამისა ღვთისადმი, ისეც დიდ ჯილდოს ეღირსა იგი ღვთისაგან. აი, რა ხმა მოესმა ზეციდან აბრაამს მსხვერპლის შეწირვის შემდეგ: „რადგანაც შენ არ დაიშურე ჩემთვის შვილი შენი საყვარელი, ამიტომ გაკურთხებ შენ დიდითა კურთხევითა და ისე გავამრავლებ შთამომავლობასა შენსა, როგორც მრავალნი არიან ვარსკვლავნი ცისანი და ქვიშანი ზღვისანი. და ერთი შენი შთამომავლის მეოხებით მიიღებენ უფლის კურთხევას ყოველნი ხალხნი ქვეყანისანი“.

/დაბ. 21, 1-3; 22, 1-18/