ძველი აღთქმა

დაბადება

სარრას სიკვდილი და ისაკის მიერ ცოლის შერთვა

უფალმა აბრაამსა და სარრას დღეგრძელი ცხოვრება მიანიჭა. სარრამ იცოცხლა ასოცდაშვიდი წელიწადი და მოკვდა ღრმა მოხუცებულობაში. აბრაამმა რომ გამოიტირა თავისი ერთგული მეუღლე, დაასაფლავა ერთ გამოქვაბულ კლდეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც მან სტუმრად მიიღო უფალი სამი მოგზაური ანგელოზის სახით. ეს გამოქვაბული გარეშემო ადგილებით ეკუთვნოდა ახლო ქალაქის, ქებრონის, ერთ მცხოვრებს. აბრაამმა ეს ადგილი იყიდა პატრონისაგან და დანიშნა (დააწესა) საოჯახო სასაფლაოდ.

სარრას სიკვდილის შემდეგ აბრაამმა დააჩქარა ისაკის ცოლის შერთვა. რადგანაც ქანაანელნი წარმართნი იყვნენ, ამიტომ მათგან ქალის თხოვა არ ინდომა. მოუწოდა თავის ერთგულ უფროს მონას, ელეაზარს და გაგზავნა იგი მესოპოტამიაში, სადაც ცხოვრობდნენ შვილნი და შვილიშვილნი აბრაამის ძმისა, და უბრძანა, რომ ამ გვრეულობაში ამოერჩია ისაკისათვის საცოლე. მონამ აღასრულა ბატონის ბრძანება, შეკაზმა აქლემები და გაუდგა გზას.

კარგა ხნის მოგზაურობის შემდეგ, საღამო ჟამს, იგი მიუახლოვდა ქალაქ ნაქორს, სადაც ცხოვრობდა ნათესაობა აბრაამისა. ქალაქის გარეთ ელეაზარმა ნახა ჭა, სადაც წყლისათვის საღამოს ქალაქის ქალები გამოდიოდნენ. ჩამოხტა ელეაზარი ამ ჭასთან და თავის გულში ღმერთს შეევედრა: „უფალო ღმერთო, მოწყალე თვალით გადმოხედე ჩემს ბატონს. მიჩვენე მე ის ქალი, რომელიც ისაკისათვის საცოლედ დაგინიშნავს ამ სახით: მე ვთხოვო მას წყლის დალევინება და მან ასე მიპასუხოს: „შენც დალიე და შენს აქლემებსაც დავალევინებ“.

გაათავა თუ არა ეს ლოცვა ელეაზარმა, ჭას მიუახლოვდა ერთი ახალგაზრდა ქალი და წყლის ამოღება დააპირა. ელეაზარი მივიდა მასთან და სთხოვა: „შვილო, დამალევინე წყალი შენი სარწყულიდან“. ამაზე ქალმა მიუგო: „შენც მიითვი, ბატონო ჩემო, და შენს აქლემებსაც დავალევინებ“.

ელეაზარი განცვიფრდა, რა სწრაფად ამისრულა უფალმა თხოვნაო. ქალს საჩქაროდ მისცა ოქროს საყურეები და ძვირფასი სამაჯურები და ჰკითხა, ვისი ქალი ხარო. ქალმა უპასუხა: „მე ვარ ასული ბათოელისა, ნაქორის შვილისა“.

ხოლო ნაქორი იყო აბრაამის ძმა. ელეაზარმაც უთხრა ქალს თავისი ვინაობა. მხურვალე მადლობა შესწირა ღმერთს ელეაზარმა, რომ მან პირდაპირ მოიყვანა აბრაამის ნათესავებთან და ცხადად უჩვენა ისაკის საცოლე.

რებეკა გაიქცა შინ გახადებული და დედას უთხრა, აბრაამის მონა ვნახე და ეს საჩუქრები მომცაო. მაშინვე რებეკას ძმა გაეგება ელეაზარს და მიიწვია სახლში. ელეაზარმა დაწვრილებით უამბო, თუ რისთვის იყო გამოგზავნილი და როგორ უჩვენა უფალმა რებეკა, როგორც მისგან არჩეული საცოლე ისაკისათვის. ბოლოს ჰკითხა: „თანახმანი ხართ, გამოუშვათ ჩემთან რებეკა, რათა გახდეს ცოლი ისაკისა?“

დედ-მამა მაშინვე დათანხმდა, თვითონ რებეკამაც გამოაცხადა ამაზე თავისი სურვილი. ამის შემდეგ დედ-მამამ დალოცა, აკურთხა შვილი და გაისტუმრა შორს გზაზე. როცა ქანაანის ქვეყანაში მოვიდნენ, რებეკა გახდა ცოლი ისაკისა.

ამის შემდეგ აბრაამმა ცოტა ხანიღა იცოცხლა და გარდაიცვალა ასსამოცდათხუთმეტი წლისა. იგი ისაკმა დამარხა იმავე გამოქვაბულში, სადაც განისვენებდა სარრას გვამი.

/დაბ. 23, 1-20; 24, 1-67; 25, 1-10/