ძველი აღთქმა

დაბადება

იოსების გაყიდვა

ერთხელ იაკობმა იოსები მინდორში გაგზავნა შვილებთან მათი ამბის გასაგებად. ძმებს საქონელი შორს წაესხათ და მამამ მათი არა იცოდა რა.

იოსები წავიდა, ბევრი ეძება და ბოლოს მიაგნო ძმებს. ძმებმა შორიდან რომ დაინახეს იოსები, ერთმანეთს უთხრეს: „აგერ ჩვენი სიზმართმნახველი მოდის. მოდით, მოვკლათ და მამას ვუთხრათ, მხეცმა გაგლიჯა და შეჭამაო. მაშინ ვნახოთ, როგორ ასრულდება მისი სიზმრები“.

მარტო ყველაზე უფრო ძმა, რუბენი, არ დათანხმდა და სხვა რამ ურჩია ძმებს: „ისა სჯობია, რომ ძმის სისხლში ხელი არ გავისვაროთ და ღრმა ხაროში ჩავაგდოთო“. მას განზრახვა ჰქონდა, მერმე ჩუმად ამოეყვანა იოსები ორმოდან და მამასთან გაეპარებინა.

გაუგონეს უფროს ძმას, გახადეს იოსებს ჭრელი პერანგი და ჩააგდეს ღრმა ხაროში. შემდეგ დასხდნენ და სადილს დაუწყეს ჭამა. ამ დროს მათ დაინახეს აქეთ მომავალი უცხო ქვეყნის ვაჭრები, რომლებიც დატვირთული აქლემებით ეგვიპტეში მიდიოდნენ და ერთმანეთში ბჭობა დაიწყეს: „რას სარფას მოვიგებთ ძმის მოკვლით? უფრო სჯობია, ამ ვაჭრებს მივყიდოთ, ვიდრე მისი მკვლელები შევიქნეთ, რაც უნდა იყოს, მაინც ჩვენი ძმაა“. თქვეს და აასრულეს კიდეც. ამოიყვანეს იოსები ხაროდან და მიჰყიდეს უცხო ვაჭრებს ოც ვერცხლად.

ამ დროს უფროსი ძმა სხვაგან იყო წასული და არ იცოდა, რა უყვეს ძმებმა იოსებს. როდესაც მობრუნდა უკან და ხარო ცარიელი დახვდა, გულს ელდა ეცა და დიდი მწუხარებით უთხრა ძმებს: „ბავშვი აქ აღარ არის! ახლა რაღა მეშველება?“ როგორც უფროს შვილს, იაკობი მას მოჰკითხავდა უმცროსი შვილის დაკარგვას და ამიტომ წუხდა რუბენი.

მოხუცებული მამა რომ მოეტყუებინათ, ძმებმა დაკლეს თიკანი, მის სისხლში გასვარეს იოსების ჭრელი პერანგი, მიუტანეს მამას და ჰკითხეს: „ეს შენი შვილის ტანისამოსი ხომ არ არის? მინდროში ვიპოვეთ“.

იაკობმა იცნო საყვარელი შვილის ტანისამოსი, იფიქრა, უთუოდ შეუბრალებელმა ნადირმა გაგლიჯა გზაზეო და მორთო საბრალომ მწარე ტირილი და გოდება. შვილები ცდილობდნენ, ნუგეში ეცათ, მაგრამ იაკობი საშინლად წუხდა, მათ ნუგეშს არც კი უსმენდა და ამბობდა: „სიმწუხარითა ჩემითა ჩავალ საფლავსა“.

/დაბ. 37, 14-35/