ძველი აღთქმა

დაბადება

იოსების მიყვანა ეგვიპტეში

ვაჭრებმა მიიყვანეს იოსები ეგვიპტეში და მონად მიჰყიდეს ერთ დიდ კაცს, რომელსაც სახელად ერქვა პეტეფრე. იოსები ამ დროს იყო ჩვიდმეტი წლისა. ღმერთმა მას არ მოაკლო აქ თავისი მოწყალება. რა საქმესაც კი ჩააბარებდნენ, იოსები აკეთებდა სწრაფად, მოხერხებითა და სინდისიერად. ყოველ საქმეში მას ღმერთი ხელს უმართავდა და სხვებში ისე გამოირჩეოდა, როგორც დღე გამოირჩევა ღამისაგან.

პეტეფრე რომ დარწმუნდა იოსების მხნეობასა და პატიოსნებაში, მოუწოდა მას თავისთან და ჩააბარა მოურაობა მთელი სახლისა და ქონებისა. ამის შემდეგ ღმერთმა კეთილად წარმართა ყოველი საქმე პეტერფესი.

მაგრამ, საუბედუროდ, პეტერფეს ცოლად ჰყავდა ძალიან ცუდი, ბოროტი და ღვარძლიანი დედაკაცი. ყველა ცუდ ადამიანს სძულს კეთილი, სინდისიანი ადამიანი იმიტომ, რომ როცა თავის თავს მასთან ადარებს, თავის საძაგლობას უფრო ცხადად გრძნობს. პეტეფრეს ცოლმაც შეიძულა უმანკო იოსები და მოინდომა მისი გაძევება თავისი სახლიდან. დასწამა რაღაც ცილი იოსებს ქმრის წინაშე და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში.

მაგრამ მართალმა და უმანკო იოსებმა მშვენიერი ყოფაქცევით საპყრობილეშიაც მოიპოვა ნდობა და პატივისცემა უფროსისა, რომელმაც იგი დამწყვდეულების ზედამხედველად დააყენა.

ამ დამწყვდეულებში ერია ორი კაცი, რომელნიც უწინ იყვნენ დაახლოებულნი კარისკაცნი ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა. ერთი იყო მეპურე, მეორე - მეღვინე. ერთხელ იოსებმა ნახა, რომ ორივე ძალიან დაღონებული იყო, და ჰკითხა: „რადა ხართ აგრე მწარედ დაფიქრებულნი?“ იმათ მიუგეს: „ჩვენ ორივემ სიზმრები ვნახეთ და არ ვიცით, რას მოასწავებენ“. ხოლო იოსებს ღვთისაგან ჰქონდა მიცემული იმისთანა ნიჭი, რომ შეეძლო გაეგო, ღვთისაგან იყო სიზმარი თუ არა. და თუ ღვთისაგან იყო, რას მოასწავებდა. იოსებმა სთხოვა მათ, ეთქვათ თავიანთი სიზმრები.

მეღვინემ უთხრა: „მე ვნახე სიზმრად, ვითომც წინ ვიდექი, ხელში მეჭირა სამი მტევანი ყურძნისა, ვწურავდი მათგან წვენს ჯამში და ვასმევდი ხელმწიფეს“.

მეპურემ უთხრა: „მე მეჩვენა, ვითომც თავზე სამი კალათა მედგა, ერთი ერთმანეთზე, მაღლა კალათაში ეწყო სხვადასხვა საჭმელი, ფრინველები ასხდებოდნენ და კენკავდნენ“.

როცა იოსებმა მოისმინა ეს სიზმრები, მეღვინეს უთხრა: „შენი სიზმარი კარგ რამეს მოასწავებს - შენ მეფე ისევ დაგაბრუნებს სასახლეში, დაგიახლოვებს და უწინდელსავე თანამდებობას ჩაგაბარებს“. მეპურეს კი უთხრა: „სამწუხაროდ, შენი სიზმარი დიდ უბედურებას ნიშნავს - სამი დღის შემდეგ შენ მეფის ბრძანებით გაგიყვანენ აქედან, ჩამოგახრჩობენ და ფრინველნი დაუწყებენ შენს სხეულს გლეჯას“.

როცა სიზმრების ახსნა გაათავა, იოსები მიუბრუნდა მეღვინეს და სთხოვა: „იმდენი სიკეთე მიყავ, რომ მომიგონე, როცა მეფე ისევ დაგიახლოვებს. შეაბრალე მას ჩემი თავი და დამიხსენ აქედან. მე მოპარული ვარ ჩემი ქვეყნიდან და აქაც სრულიად უდანაშაულოდ ვარ დამწყვდეული“.

რაც იოსებმა იწინასწარმეტყველა, ყველაფერი ისე ასრულდა. მეპურე სიკვდილით დასაჯეს, მეღვინეს კი დანაშაული აპატიეს და უწინდელი ადგილი ისევ დაუბრუნეს.

როცა მეღვინე ბედნიერებაში ჩავარდა, იოსები სრულიად დაივიწყა და აღარ ახსოვდა მისი თხოვნა, მაგრამ უფალი არ დაივიწყებს მართალთ არასდროს.

/დაბ. 37, 36-39; 37, 1-2; 39, 4-23; 40, 1-23/