იაკობს ჰყავდა თორმეტი შვილი. სხვებზე მომეტებულად მას უყვარდა უმცროსი შვილი, სახელად იოსები. ეს იმიტომ, რომ იოსები იყო მეტად კეთილი ბავშვი, მართლის მთქმელი, გულწრფელი და მამას არაფერს უმალავდა. მამაც მას უფრო ალერსიანად ექცეოდა და უფრო ლამაზ ტანისამოსს აცმევდა.
ამის გამო ძმები შურის თვალით უცქეროდნენ მას და სრულიად შეიძულეს. მათი სიძულვილი იქამდის მივიდა, რომ უმცროს ძმასთან ლაპარაკსაც კი ერიდებოდნენ. მაგრამ თვითონ იოსებს კი არ სძულდა ძმები, უყვარდა ისინი და გულწრფელად ექცეოდა. რადგანაც გულში მას ეშმაკობა სრულიად არ ედო, ამიტომ ძმებისათვის არ დაუმალავს ორი სიზმარი, რომელნიც მოასწავებდნენ, რომ იგი თავის ძმებზე მომეტებული შეიქნებოდა.
აი, ეს რა სიზმრები იყო:
„მესიზმრა, - ეუბნებოდა იოსები ძმებს, - ვითომც ჩვენ ყველანი ყანაში ვიყავით და ვკრავდით ძნებს; უცებ ჩემი ძნა შუაში დადგა, თქვენი ძნები კი გარს შემოერტყნენ და თავის დაკვრა დაუწყეს“.
„ჩვენს მეფედ გახდომა ხომ არ მოგდომებია?“ - უთხრეს გაჯავრებულმა ძმებმა, როცა ეს სიზმარი მისგან მოისმინეს.
შემდეგ იოსები მეორე სიზმარს მოჰყვა:
„მე მესიზმრა, ვითომც შუაში ვიდექი, გარს მეხვივნენ მზე, მთვარე და თორმეტი ვარსკვლავი და თავს მიკრავდნენ“.
როცა იოსებმა ეს სიზმარი თქვა, მამაც კი გაუჯავრდა: „ნუთუ მეც, დედაშენმაც და შენმა ძმებმაც თაყვანი უნდა გცეთ?“ თუმცა იაკობი გაუჯავრდა იოსებს, მაგრამ ეს სიზმრები კი ღრმად ჩაიმარხა გულში, რადგანაც იფიქრა, უთუოდ მომავალს მოასწავებენო.
ძმებმა ამის შემდეგ უფრო მომეტებულად შეიძულეს იოსები, მისი დაღუპვა მოინდომეს და კიდეც შეასრულეს თავიანთი ბოროტი განზრახვა.
/დაბ. 29, 32-35; 30, 8-24; 37, 3-10/