ძველი აღთქმა

დაბადება

იაკობის მოგზაურობა

იაკობმა გასწია ჩრდილოეთისაკენ, რადგანაც შუამდინარეთი ამ მხარეს იყო ქანაანის ქვეყნიდან. პირველსავე დღეს კარგა გზა გაიარა, ღამემ ტრიალ მინდორზედ უსწრო. დაღლილმა იაკობმა დაიდო ქვა თავთით და დაიძინა მინდორში ღვთის ანაბარად.

მან ძილში ნახა საკვირველი სიზმარი: ვითომ დედამიწაზე ამართული იყო მაღალი, თვალუწვდენელი კიბე და თავი ცაში ჰქონდა მიბჯენილი. ამ კიბეზედ მრავალნი ანგელოზნი ჩამოდიოდ-ადიოდნენ. მაღლა, კიბის თავზე კი იდგა თვით უფალი და ეუბნებოდა იაკობს: „მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ისააკისა; ნუ გეშინიან! მაგ ქვეყანას, სადაც ახლა შენა წევხარ, დაგიმკვიდრებ შენ და შენთა შთამომავალთ, რომელთაც გავამრავლებ, როგორც ქვიშასა ზღვისასა. ერთი შენი შთამომავლის (მაცხოვრის) შუამავლობით ვაკურთხებ მე ყოველთა მცხოვრებთა ქვეყანისათა. არასდროს თავს არ დაგანებებ, დაგიცავ ყველგან, სადაც კი წახვალ, და მშვიდობით დაგაბრუნებ ამავე ქვეყანაში“.

იაკობმა რომ გამოიღვიძა, თქვა: „საშიშ არს ადგილი ესე; აქ არის სახლი უფლისა, აქ არის კარები ცისა“. გადაუხადა უფალს მადლობა და გასწია თავის გზაზე.

კარგა ხნის მოგზაურობის შემდეგ იაკობი მივიდა ქარანში, თავის დედის ძმასთან, ლაბანთან. იაკობს ნათესავნი სიხარულით მიეგებნენ და დააბინავეს. რადგანაც ლაბანს ბევრი საქონელი ჰყავდა და იაკობმაც მშვენივრად იცოდა მწყემსობა, ამიტომ ბიძამ მეცხვარედ დაიყენა დისწული. ლაბანი ფულის მაგივრად გასამრჯელოს ცხვრებით იხდიდა.

მოეწონა აქ ყოფნა იაკობს და ცოლიც აქ შეირთო, თანახმად ისაკის სურვილისა.

უფალმა მოუმართა ხელი იაკობს და აკურთხა მისი შრომა და მოთმინება. იაკობი ძალიან გამდიდრდა თავისი წილი ცხვრით. საკუთარი ცხვარი საკვირველად გაუმრავლდა მას და შეადგინა დიდი, უთვალავი ფარები. ამიტომ ლაბანმა და მისმა შვილებმა შურის თვალით დაუწყეს ყურება იაკობის სიმდიდრეს. იაკობმა რომ ეს შენიშნა, თქვა, მე აქ აღარ მედგომება, დროა, პირი შინისაკენ ვქნაო. ადგა და წავიდა მთელი სახლობით, მრავალი მონითა და საქონლით ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც მივიდა ბიძასთან ოცი წლის წინათ.

/დაბ. 28, 10-22; 29, 1-5; 30, 1-43; 31, 1-55/