იაკობს ერთი მხრით მიუხაროდა ქანაანის ქვეყანაში, მეორე მხრით კი ეშინოდა, ესავს ისევ ბოროტი გული ექნება ჩემზეო. მაგრამ უფალმა ერთი მოვლინებით ცხადად აჩვენა იაკობს, რომ მას შიში არაფრისა უნდა ჰქონოდა. იაკობმა გზაზე ნახა გუნდად ანგელოზები, რომლებიც მზად იყვნენ, დაეცვათ ყოველივე ბოროტისაგან.
იმედმოცემულმა იაკობმა გაგზავნა ძმასთან რამდენიმე მონა, რომ შეეტყობინებინათ, შენი ძმა დაბრუნდა სამშობლო ქვეყანაშიო. გაგზავნილნი მობრუნდნენ უკან და ვერაფერი სასიამოვნო ამბავი მოუტანეს იაკობს, მათ უთხრეს: შენი ძმა ესავი თვითონ მოდის შენთან დასახვედრად მრავალი შეიარაღებული კაცითო.
იაკობი ძალიან შეშინდა და შესთხოვა ღმერთს შემწეობა ამ ლოცვით: „უფალო, თუმცა ღირსი არა ვარ შენი ამდენი მოწყალებისა და სიკეთისა, მაგრამ მაინც გევედრები, დამიხსნა ჩემი ძმის ხელიდან. მეშინია, მეც არ მომკლას და ცოლ-შვილიც არ გამიწყვიტოს“.
თავის მხრივ, იაკობმა მოიაზრა, ეჩვენებინა ძმისთვის თავისი პატივისცემა და სიყვარული და ამით მოეგო მისი გული. საქონელში აარჩია საუკეთესო, ძვირფასი პირუტყვები და გაუგზავნა ესავს ძღვნად, ანუ საჩუქრად, მაგრამ იაკობი მაინც კიდევ იჭვნეულობდა ძმაზე და ამიტომ ყველაფერი მოამზადა გასაქცევად იმ შემთხვევისათვის, თუ ძმა მტრულად დაუხვდებოდა მას.
ამ თადარიგის დაჭერის შემდეგ იაკობმა დიდი მღელვარებითა და შფოთით დაუწყო ლოდინი ძმასთან შეხვედრას. უფალმა ახლაც ნუგეში სცა მას და გაამხნევა შემდეგი გასაოცარი გამოცხადებით:
ღამე იყო. იაკობი ბინას გაშორდა და მინდორში გავიდა მარტო. უცებ გამოცხადდა
მასთან ერთი ვინმე და დაუწყო ჭიდაობა. ბრძოლა გაგრძელდა გათენებამდის. როცა
განთიადმა მოატანა, უცნაურმა მოჭიდავემ უთხრა იაკობს: ეხლა კი გამიშვი, კმარაო.
იაკობმა უპასუხა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებო. მოჭიდავემ მაშინვე ჰკითხა
იაკობს სახელი და უთხრა: „ამის შემდეგ შენი სახელი იქნება ისრაელი*
იმიტომ, რომ შენ ამ ღამეს ღმერთთან იჭიდავე, და, მაშასადამე, ყოველ კაცს დასძლევ“.
ბოლოს აკურთხა იაკობი და გაუჩინარდა.
იაკობმა კარგად შეიტყო, ვინ იყო მასთან მოჭიდავე და ღვთის სიტყვების შემდეგ შიში
სრულიად გაუქრა, - ძმისგან აღარ მოელოდა რაიმე ბოროტსა და ვნებას.
ამის შემდეგ იაკობს დაერქვა ისრაელი და მის შთამომავლობას ეწოდა და ეწოდება
ისრაელი ხალხი. სახსოვრად ამ ბრძოლისა იაკობს ერთი ძარღვი ფეხისა დაუშავდა და მთელი
სიცოცხლე ცოტათი კოჭლობდა.
მეორე დღეს იაკობმა დაინახა თავისი ძმა ესავი, რომელიც მის შესახვედრად მოიდიოდა
მრავალი კაცით. იაკობი რომ მიუახლოვდა, ნიშნად პატივისცემისა შვიდჯერ დაუკრა ძმას
თავი მიწაზე. ესავი გაექანა იაკობისაკენ, ძმური სიყვარულით მოეხვია ყელზე, კოცნიდა
და თან ტიროდა მეტის სიხარულით, რომ მშვიდობით ეღირსა ძმის ნახვა. ტიროდა თვით
იაკობიც.
მერე ესავი ალერსიანად მიესალმა იაკობის ცოლ-შვილს და დიდით პატარამდის
სიყვარულით მოიკითხა. უწინდელი უკმაყოფილების ხსენებაც არსად ყოფილა. საჩუქრების
მიღებაზე, რომლებიც იაკობმა წინდაწინ გაუგზავნა, ესავი უარზე იდგა და ეუბნებოდა:
„ძმაო, ჩემი დოვლათიც ბევრი მაქვს ღვთის მოწყალებით. დაიბრუნე ისევ უკან ჩემთვის
გამოგზავნილი“.
მაგრამ იაკობმა გულით სთხოვა ესავს, მიეღო საჩუქრები და ამით ეჩვენებინა მისთვის
სიყვარული და ძმური მეგობრობა. მაშინ ესავი დაჰყვა მის ნებას.
როცა წასვლის დრო მოვიდა, ესავი ძმურად გამოესალმა იაკობს და შინისაკენ წავიდა.
იგი კარგა ხნის წინ გაჰყროდა მამას და სხვა ადგილას ცხოვრობდა, იაკობი კი
მოხუცებული მამისაკენ გაეშურა.
გზაზე მან გადაუხვია იმ ადგილას, სადაც კიბე ნახა სიზმარში და შესწირა უფალს
სამადლობელი მსხვერპლი მშვიდობით დაბრუნებისათვის. აქ ერთხელ კიდევ გამოეცხადა მას
უფალი და გაუმეორა თავისი კურთხევა და აღთქმა.
მოხუცებული ისაკი სიხარულით ცას ეწია, როცა ოცი წლის წასული იაკობი მშვიდობით
დაბრუნებული ნახა, გამდიდრებული და ცოლ-შვილით გაბედნიერებული.
იაკობი დასახლდა მამასთან და მას სიკვდილამდე არ მოშორებია. როცა ისაკი
გარდაიცვალა, იაკობმა დამარხა იგი იმ აკლდამაში, სადაც ემარხნენ აბრაამი და სარრა.
/დაბ. 32, 1-31; 33, 1-16; 35, 5-29/
*ისრაელი ქართულად ღმერთთან ნაჭიდავებს ნიშნავს