ძველი აღთქმა

დაბადება

იაკობის გადასახლება ეგვიპტეში

„იოსები ისევ ცოცხალია და უფლობს მთელს ეგვიპტეზე“, - ამ სიტყვებიღ ახარეს იაკობს შვილებმა, როდესაც შინ დაბრუნდნენ ეგვიპტიდან და მამას ყელზე ეხვეოდნენ.

მოხუცებული მამის გული ძლიერ შეჩვეული იყო მწუხარებას საყვარელი შვილის დაკარგვის გამო და ამიტომ იაკობი არ ერწმუნებოდა მათ სიტყვას. მაგრამ როცა შვილებმა იოსების ყველა სიტყვა გადასცეს, დაწვრილებით უამბეს ყველაფერი და აჩვენეს იოსებისაგან გამოგზავნილი ეტლები, იაკობი სულით გაცოცხლდა და თქვა: „ჰოი, ბედნიერებავ! ნუთუ იოსები კიდევ ცოცხალია! წამიყვანეთ და მაღირსეთ მისი ნახვა, სანამ სიკვდილს არ უსწრია ჩემთვის“.

იაკობი საჩქაროდ მოემზადა ეგვიპტეში წასასვლელად, ჩააბარგა მთელი თავისი ქონება, განძეულობა და შვილებით და შვილიშვილებით გაუდგა გზას.

იოსებმა რომ შეიტყო მამის მოახლოება, ჩაჯდა ეტლში და გამოეგება გზაზე. დაინახა თუ არა მამა, გაექანა, მოეხვია ყელზე და დიდხანს ტიროდა.

„ეხლა კი მშვიდობით მოვკვდები, შვილო, - ეუბნებოდა მამა, - ვნახე შენი სახე და დავრწმუნდი, რომ ისევ ცოცხალი ხარ“.

იოსებმა მამა ფარაონს წარუდგინა. „რამდენი წლის ხარ?“ - ჰკითხა იაკობს ხელმწიფემ. „ასოცდაათი წელია, რაც მე ქვეყანაზე სტუმრად ვარ, - მიუგო იაკობმა, - მცირე და მოკლენი არიან დღენი ხნისა ჩემისანი და ბევრით ჩამოუვარდებიან დღეგრძელობასა ჩემი მამა-პაპისასა“.

ფარაონმა მისცა იაკობს საცხოვრებლად ერთი ყველაზე უკეთესი კუთხე ეგვიპტისა, სადაც იაკობი დაბინავდა მთელი თავისი სახლობით.

ეგვიპტეში იაკობმა ჩვიდმეტი წელიწადი კიდევ იცოცხლა. სიკვდილის წინ აკურთხა ჯერ იოსების ორი შვილი, შერაცხა ისინი მემკვიდრეობის უფლებით თავის შვილებში; მერმე დაიბარა შვილები, დალოცა ისინი და აკურთხა. ამასთან, ერთს მათგანს, იუდას, უწინასწარმეტყველა, რომ მის შთამომავლობაში არ გამოილეოდნენ მთავარნი და მეფენი, სანამ არ მოვიდოდა ქვეყნად მაცხოვარი, რომელიც იქნებოდა მისივე შთამომავლობისა. შემდეგ იაკობმა სთხოვა შვილებს, რომ მისი ცხედარი წაეღოთ ქანაანის ქვეყანაში და დაესაფლავებინათ პაპასთან და მამასთან. ბოლოს, შეავედრა სული თვისი ღმერთს და მშვიდობით მიიძინა ასორმოცდაშვიდი წლისამ.

იოსებმა და სხვა შვილებმა მამის ანდერძი აღასრულეს და დაასაფლავეს იგი აბრაამსა და ისაკთან.

როცა დასაფლავების შემდეგ ეგვიპტეში დაბრუნდნენ, იოსების ძმები შეფიქრიანდნენ, ვაი, თუ ჩვენმა ძმამ ახლა გადაგვიხადოს სამაგიერო იმ ბოროტებისათვის, რომელიც ჩვენ მას დავმართეთო. მივიდნენ ერთად იოსებთან, თავი მდაბლად დაიკრეს და მოახსენეს: „გვაპატიე ჩვენი შეცოდება შენს წინაშე. ჩვენ ახლა შენი მონანი ვართ“.

იოსებმა დააიმედა ისინი: „ნუ გეშინიათ, რაც თქვენ მე მიყავით, ღმერთმა სიკეთედ მიქცია. მე არამცთუ ცუდი არ მსურს თქვენთვის, არამედ სიკვდილამდე თქვენზე მზრუნველი და მფარველი ვიქნები“.

დამშვიდებული ძმები დაბრუნდნენ სახლებში და კეთილად ცხოვრობდნენ იოსების მფარველობის ქვეშ. როცა იოსები კვდებოდა, ძმებს ანდერძად დაუბარა: „როცა თქვენ უფალმა გაგიყვანოთ აქედან ქანაანის ქვეყანაში დასაბრუნებლად, ჩვენი ძმები ამოიღეთ საფლავიდან, წაიღეთ თან და დამარხეთ ჩემს მამა-პაპასთან“.

/დაბ. 45, 26-28; 46, 5-30; 47, 7-28; 49, 1-32; 50, 1-25/