ბოლოს ეგვიპტელებს მიადგათ საშინელი სასჯელი. როგორც ისინი უხოცავდნენ ისრაელთ ახალშობილ ვაჟიშვილებს, ისე ახლა იმათ დაკარგეს უფროსი ვაჟები. ერთ ღამეს პირველი ვაჟიშვილი მოკვდა ყოველი ეგვიპტელის სახლში, ფარაონიდან დაწყებული უკანასკნელ გლახამდის.
ხოლო ისრაელთ ადრევე ჰქონდათ ღვთისაგან მოსეს პირით ნათქვამი, რომ ამ ღამეს ისინი მომზადებულნი ყოფილიყვნენ ეგვიპტიდან გასასვლელად, ჩაცმულნი, დახურულნი, სარტყელებშემოკრულნი და აბარგებულნი. ამასთან, უფალმა უბრძანა მათ, აღესრულებინათ შემდეგი წესი: ყოველ სახლობას უნდა დაეკლა ბატკანი, რომელიც ერთ წელზე მეტის არ უნდა ყოფილიყო და არც რამე წუნი უნდა ჰქონოდა. მისი სისხლი კარების თავზე ჯვარედინად უნდა წაესვათ, ხორცი შეეწვათ და იმ ღამესვე შეეჭამათ მწარე მწვანილთან და ხმიად პურთან ერთად. ბატკნის ძვლები არც უნდა დაეხლიჩათ და არც დაემტვრიათ, და რაც შეუჭმელი დარჩებოდათ, ცეცხლში უნდა დაეწვათ, როგორც წმინდა რამე.
ამ წესის შესრულებას დაერქვა „პასექი უფლისა“ შემდეგი მიზეზის გამო: როცა იმ ღამეს სიკვდილის ანგელოზმა ჩამოარა ეგვიპტელთა უფროსი ვაჟების დასახოცად, მან მშვიდად გაიარა იმ სახლების წინ, რომელთა კარებსაც ეცხო სისხლი ბატკნისა და არაფერი დაუშავა იქ მცხოვრებ ისრაელის ოჯახებს. სიტყვა „პასექი“ ნიშნავს „გვერდით ჩაგვიარა“, ანუ გამოგვიხსნა. ამიტომაც ბატკანი, რომელიც მოამზადეს ისრაელთ და ჭამეს ღვთისაგან ნაბრძანები წესით, წოდებულ იქნა „პასექის ბატკნად“.
ისრაელთ სწორედ ისე შეასრულეს ყველაფერი, როგორც მათ უფალმა უბრძანა. იმავ ღამეს, სწორედ შუაღამისას, მთელს ეგვიპტეში ატყდა საშინელი ტირილი და ვაება - ყველა სახლში უცებ მოკვდა უფროსი ვაჟიშვილი.
შეშინებულმა ფარაონმა იმავ ღამეს დაუძახა მოსეს და აარონს და ნება მისცა მთელს ისრაელს ეგვიპტიდან გასვლისა. ეგვიპტელებიც, თავიანთ მხრივ, აჩქარებდნენ ისრაელთ და ეუბნებოდნენ, გაგვეცალეთ ჩქარა, თორემ თქვენი გულისათვის სულ ამოვიჟლიტებითო.
ისრაელნი ცარიელები როდი გაუდგნენ გზას, მათ თან მიჰქონდათ ყველაფერი: თავიანთი ნივთეულობა, სარჩო და სიმდიდრე, თანვე მიჰყავდათ საქონელი. მათ ჩრდილოეთისაკენ გასწიეს, რადგანაც აღთქმის, ანუ ქანაანის ქვეყანა, სადაც მათი წინაპარნი ცხოვრობდნენ, ჩრდილოეთისაკენ იყო. თან წაიღეს მათ იოსების ძვლებიც, თანახმად მისი ანდერძისა. ერი ისეთი მრავალი იყო, რომ მარტო სრული ხნის ვაჟკაცების რიცხვი შეადგენდა ექვსას ათასს. მოსე წინ მოიუძღოდა, ხოლო გზას უჩვენებდა თვით უფალი - მაღლა ცაში, მათ წინ, ღრუბლით მიდიოდა უფლის ანგელოზი. დღისით ეს ღრუბელი უჩრდილებდა მათ და იფარავდა სიცხისაგან, ხოლო ღამით ცეცხლის ღრუბლად იქცეოდა ხოლმე და გზას უნათებდა.
/გამოსვლათა წიგნი 12, 3-37; 13, 18-22/