კაცთა მოდგმის გარყვნა
ჯერ სეითის შთამომავალნი ცალკე ცხოვრობდნენ, ერიდებოდნენ კაენის შთამომავალთ და არა ჰქონდათ მათთან მისვლა-მოსვლა, ნაცნობობა ან სხვა რაიმე კავშირი. მაგრამ შემდგომში, როცა გამრავლდა ნათესავი კაცთა და დასახლებული ადგილები დაუახლოვდნენ ერთმანეთს, კაენისა და სეითის შთამომავალთ გააჩინეს ერთმანეთში მეგობრობა, მეზობლობა, მისვლა-მოსვლა და მოყვარეობა. სეითის შთამომავალნი თხოულობდნენ ცოლებს კაენის შთამომავალთაგან და მათგან სწავლობდნენ ცუდ ხასიათსა და ბიწიერ ცხოვრებას. მალე სეითის შთამომავალნი მეტად დაემსგავსნენ კაენის შთამომავალთ და გაირყვნენ სრულიად. ღმერთი აღარავის ახსოვდა, კეთილი სძულდათ, ბოროტი უყვარდათ, სირცხვილი და შიში აღარფრისა ჰქონდათ. მათ შორის გამოჩნდნენ გმირნი, რომელნიც ყველა სუსტსა და უღონო კაცს ჩაგრავდნენ, ტვინსა სწოვდნენ და სიცოცხლეს უმწარებდნენ. ყველამ დაკარგა ადამიანის ნიშან-წყალი და მთელი კაცობრიობა დაემსგავსა მხეცების გროვას.
/დაბადება 6, 1-7/