ძველი აღთქმა

დაბადება

იოსები სიზმრებს უხსნის ფარაონს

ორი წელიწადი კიდევ გავიდა და იოსები ჯერ ისევ საპყრობილეში ეწვალებოდა. ამ დროს ფარაონმა ნახა ორი სიზმარი, რომლებიც უბრალო სიზმრებისაგან ცხადად გამოირჩეოდნენ და თითქო რაღაც დიდ უბედურებას მოაწავებდნენ. ამიტომ ფარაონმა დიდი ყურადღება მიაქცია ამ სიზმრებს და შეყარა მთელი ეგვიპტის მეცნიერნი მათ ასახსნელად. მაგრამ ვერავინ გაიგო, თუ რას მოასწავებდნენ ისინი. მაშინ მეღვინეს მოაგონდა იოსები, წარდგა ფარაონის წინაშე და მოახსენა: „საპყრობილეში გახლავთ ერთი ყმაწვილი კაცი, რომელმაც ორი წლის წინ მე და მეპურეს საკვირველად სწორად აგვიხსნა სიზმრები. რაც გვითხრა, ყველაფერი ისე მოხდა. თქვენი სიზმრების ახსნა იმის მეტს არავის შეუძლია“. მაშინვე გაგზავნეს კაცები საპყრობილეში და წარმოადგინეს იოსები ფარაონის წინაშე.

ფარაონმა უთხრა იოსებს: „მე ვნახე სიზმრები და მათი ახსნა ვერავინ შეძლო. მე მითხრეს, რომ შენ გაიგონებ თუ არა სიზმარს, მაშინვე ახსნი, თუ რას მოასწავებს“.

იოსებმა მიუგო: „უღვთოდ ფარაონის პასუხის მიგება შეუძლებელია. მაგრამ არის ღმერთი ზეცაში, რომელიც თავის ერთგულთ უცხადებს საიდუმლოთ“.

მაშინ ფარაონმა მოუთხრო იოსებს თავისი სიზმრები: „მე ვნახე, ვითომც მდინარის პირას ვიდექი, უცებ წყლიდან ნაპირს გამოვიდა შვიდი მშვენიერი და მსუქანი ძროხა და წავიდნენ ბალახის საძოვრად. მათ უკან მოჰყვა შვიდი გამხდარი და ისეთი მჭლე ძროხა, რომ მთელ ჩემს სახელმწიფოში მათი მსგავსი არსად მინახავს. და ამ გამხდარმა ძროხებმა მთლად დაჭამეს მსუქანი ძროხები და ამის შემდეგ მაინც ისეთივე გამხდრები დარჩნენ, როგორებიც ადრე იყვნენ. აქ მე გამომეღვიძა. მერმე, ისევ რომ დავიძინე, ახალი სიზმარი ვნახე: მე მესიზმრა, ვითომც ერთს პურის ღეროზედ ამოვიდა შვიდი სავსე თავთავი. მერე ამათ ამოჰყვა შვიდი ფშუტა თავთავი და ამ შვიდმა ფშუტა თავთავმა ჩაყლაპა შვიდი სრული თავთავი და არაფერი კი მოიმატა“.

იოსებმა მოახსენა ფარაონს: „ორივე შენი სიზმარი ერთსა და იმავე რამეს მოასწავებს. ამ სიზმრებით უფალი ატყობინებს ფარაონს მომავალს: შვიდი მსუქანი ძროხა და შვიდი სავსე თავთავი ნიშნავს შვიდ მოსავლიან წელიწადს. ხოლო შვიდი გამხდარი ძროხა და შვიდი ფშუტა თავთავი მოასწავებს შვიდ შიმშილობის წელიწადს. აი, დადგება ახლა შვიდი მოსავლიანი წელიწადი და გაივსება ეგვიპტე დოვლათით, მაგრამ ამ დალოცვილ დროს მოჰყვება შვიდი საშინლად მშიერი წელიწადი. ეს რომ უთუოდ აცხადდება და არ დაიგვიანებს იქიდან ჩანს, რომ ერთი და იგივე ფარაონს ორჯერ უნახავს. ამიტომ, - გააგრძელა იოსებმა, - ფარაონმა უნდა ინებოს ბრძენი და საზრიანი კაცის პოვნა და დაადგინოს იგი მთელი ეგვიპტის მზრუნველად. ამ მზრუნველმა შვიდი წლის განმავლობაში უნდა კრიფოს მთელ სახელმწიფოში მეხუთედი ნაწილი ყოველგვარი მოსავლისა და შეინახოს დიდ ბეღლებში, რომ შემდგომ მშიერ წლებში მთელი ქვეყანა შიმშილით არ დაიღუპოს“.

ფარაონს მეტად მოეწონა სიზმრების ახსნა და ჭკუაში მოუვიდა იოსების წინადადება. ამიტომ თქვა: „სად ვპოვებთ იმისთანა გონიერ და საზრიან კაცს, როგორიც შენ ყოფილხარ? შენით ლაპარაკობს თვით უფალი და შენვე დაგადგენ მთელი ეგვიპტის უფროსად. ყველა შენს სიტყვას დაემორჩილება და უშენოდ არაფერი გაკეთდება ჩემს საბრძანებელში. მარტო მე ვიქნები შენი უფროსი“.

ეს რომ თქვა ფარაონმა, გამოიძრო ხელიდან ბეჭედი და გაუკეთა იოსებს, აგრეთვე კისერზე ჩამოკიდა ოქროს ძეწკვი. უბრძანა, ჩაეცმიათ მისთვის ძვირფასი ტანისამოსი, ჩაესვათ მდიდრულ ეტლში, ეტარებინათ ქუჩებში და თავი დაეკრათ მისთვის.

ამის შემდეგ იოსები გახდა მეორე კაცი ეგვიპტეში და მართავდა მთელ სახელმწიფოს. ამ დროს იგი იყო ოცდაათი წლისა.

როგორც იოსებმა თქვა, ყველაფერი სწორედ ისე ასრულდა. შემდგომი წლიდან დაიწყო მშვენიერი მოსავალი მთელ ეგვიპტეში და მთელი შვიდი წლის განმავლობაში არ უკლია. ამ დროს იოსებმა დიდძალი პური და ყველანაირი ჭირნახული შეკრიბა ბეღლებში. შემდეგ დადგა მშიერი, სრულიად უმოსავლო დრო და მთელ შვიდ წელიწადს გასტანა.

გარშემო ქვეყნებში შიმშილობის პირველსავე წელს შემოაკლდა ხალხს პური და, რომ შეიტყვეს, ეგვიპტეში ბევრი ჭირნახული იყო შეგროვებული, იწყეს აქეთკენ დენა პურის საყიდლად. იოსები უარს არავის ეუბნებოდა, რადგანაც ჭირნახული იმდენი ჰქონდა მოგროვებული, რომ ეყოფოდა ეგვიპტესაც და სხვა ქვეყნებსაც. ასე გადაარჩინა იოსებმა ეგვიპტე შიმშილით დაღუპვასა და, მასთან, გაამდიდრა ფარაონის ხაზინა დიდძალი ფულით.

/დაბ. 41, 1-57/