ეშმაკის შური
ადამსა და ევას ჰყავდათ ერთი დაუძინებელი მტერი. ამ მტერს უნდოდა, ცოდვაში ჩაეგდო ისინი, დაეშორებინა ღმრთისაგან, დაეკარგვინებინა ნეტარი ცხოვრება და გაეუბედურებინა საუკუნოდ. ეს მტერი იყო ეშმაკი.
ვინ იყო ეშმაკი, საიდან გაჩნდა და როდის იყო შექმნილი?
ეშმაკი იყო თავდაპირველად უბრწყინვალესი ანგელოზი. ანგელოზები ღმერთმა ხილული ქვეყნის წინათ შექმნა. ანგელოზები არიან სულნი უსხეულონი, უხილავნი, წმიდანი, გონიერნი, თავისუფალნი და ემსახურებიან ქვეყნის შემოქმედსა. ამისთანავე იყო თავდაპირველად ეშმაკიც. მაგრამ შემდგომ გაამპარტავნდა, მოინდომა მაღალ ღმერთთან თანასწორობა, აღარ ისურვა ღვთის მორჩილება, ზოგი სხვა ანგელოზიც მიიმხრო და წინ აღუდგა უფალს. ამის გამო უფალმა იგი თავისი მომხრეებითურთ დაწყევლა და ციდან უფსკრულში ჩაჰყარა.
ამის შემდეგ ეშმაკი გახდა სული ბოროტი, რომელიც ღვთის ყველა ქმნილებას ემტერება; დაუძინებლივ იმასა ცდილობს, რომ ადამიანს ცუდი აზრები დაუბადოს გონებაში, ბოროტი განზრახვა ჩაუდოს გულში, მავნე საქმეები ჩაადენინოს და გააუბედუროს.
ეშმაკს შურდა ადამისა და ევას ნეტარება და ამიტომ მოინდომა, შეეცდინა ისინი, ცოდვა ექნევინებინა, ღმერთი გაერისხებინა მათზედ და დაეღუპა ისინი. თავისი ბოროტი განზრახვის შესასრულებლად ის შეძვრა გველში და შევიდა სამოთხეში. გველმა, რომელშიც ეშმაკი იყო, იპოვა სამოთხეში აკრძალული ხე და მის გვერდით ხეზე ავიდა.