ძველი აღთქმა

დაბადება

ესავი და იაკობი

ისაკი იყო ისეთივე კეთილმსახური კაცი, როგორც აბრაამი. ღმერთს იგი მისი მამასავით მფარველობის ქვეშ ჰყავდა და უმეორებდა იმ აღთქმებს, რომელნიც სხვადასხვა დროს მისცა აბრაამს. მაგრამ ისაკი მამასავით დიდხანს დარჩა უშვილო. ორმოცი წლისა იყო, როცა რებეკა შეირთო და მამა მხოლოდ მაშინ შეიქნა, როდესაც სამოცი წლის გახდა. ამ დროს რებეკას მიეცა ტყუპი ვაჟი. რომელიც პირველად იშვა, იმას ესავი დაარქვეს, მეორედ ნაშობს კი უწოდეს იაკობი.

ესავი როცა მოიზარდა, მონადირეობა აირჩია ხელობად, იაკობმა კი არ დააგდო კვალი მამა-პაპისა და მწყემსი გახდა.

ესავი იყო ანჩხლი, გულჩქარი და ბრიყვული თვისების. ხოლო იაკობსა ჰქონდა მშვიდი, ხათრიანი და უწყინარი ხასიათი. პირველი შვილი მამას მომეტებულად უყვარდა, რადგანაც ნადირის ხორცით ხშირად ასიამოვნებდა ხოლმე, მეორე კი დედას უფრო უყვარდა.

ერთხელ ესავი დიდი ხნის ნადირობის შემდეგ მოვიდა შინ საშინლად დაღლილი და მშიერი. ამ დროს იაკობს წინ ედგა სავსე ჯამი ოსპის შეჭამანდისა. „მოიტა, გამაძღე ერთი, მაგ შენი შეჭამანდით“, - უთხრა ესავმა იაკობს. „შენი უფროსობა ეხლავე მე დამითმე და ბატონი ბრძანდები“, - უპასუხა იაკობმა. „რა თავში ვიხლი უფროსობას, როდესაც შიმშილით ვკვდები“, - მოუფიქრებლად მიუგო ესავმა. ასე წინდაუხედავად დაუთმო მან უფროსობა უმცროს ძმას და შეჰფიცა კიდეც, რომ თავის დღეში აღარ შეეცილებოდა.

ესავს, როგორც დაუდევარს კაცსა, მალე დაავიწყდა ეს შემთხვევა და მოინდომა თავისი უფროსობის დალოცვა. მაგრამ ეს დალოცვა ერგო მასზედ უფრო ღირსეულს - იაკობს. საქმე იაკობს გაურიგა რებეკამ, რომელსაც იგი უფროს შვილზე მომეტებულად უყვარდა.

რებეკამ შეიტყო, რომ ისაკი აპირებდა ესავის დალოცვას, ადგა და გაგზავნა იაკობი მამასთან კურთხევის მისაღებად მაშინ, როდესაც ესავი სანადიროდ გაიგულა. ისაკი ამ დროს ძალიან მოხუცებული იყო და ვეღარ ხედავდა. როცა იაკობი შევიდა დასალოცად, ისაკს ეგონა ესავიაო, აკურთხა იგი და დაულოცა უფროსობა ძმაზე.

ესავი მალე დაბრუნდა ნადირობიდან და, რომ შეიტყო მამისაგან ძმის ოინი, საშინელი ყვირილი და ტირილი მორთო და ხვეწნა დაუწყო ისაკს, რომ მას თავისი ლოცვა-კურთხევა მისთვის მიეცა. მაგრამ ისაკმა დალოცვის შეცვლა აღარ მოინდომა, რადგანაც იფიქრა: უთუოდ ღმერთს ნებავდა, რომ იაკობს მისცემოდაო უფროსობა.

ესავი საშინლად გაცეცხლდა და იმუქრებოდა, რომ მოკვდებოდა თუ არა ისაკი, იაკობს ერთ დღესაც არ აცოცხლებდა. რებეკამ გაიგონა ეს მუქარა, შეეშინდა საყვარელი შვილის დაკარგვისა და უთხრა იაკობს, რომ გაქცეულიყო მის ძმასთან, ლაბანთან, შუამდინარეთში და იქ ეცხოვრა, მანამ ესავი გულს მოიბრუნებდა მასზე. იაკობი დათანხმდა.

როცა მოხუცებული მამა ემშვიდობებოდა იაკობს, უბრძანა, რომ ცოლი შუამდინარეთში შეერთო და ბოლოს უთხრა: „მოგანიჭოს ყოვლადძლიერმა ღმერთმა შენ და შენთა შთამომავალთ ის ლოცვა-კურთხევა, რომელიც მან მისცა აბრაამს, მამასა ჩემსა“.

იაკობმა ახსენა ღმერთი და გაუდგა გზას.

/დაბ. 25, 20-34; 27, 1-46; 28, 1-5/