ძველი აღთქმა

დაბადება

იოსების ძმების მეორედ მისვლა ეგვიპტეში

ნაყიდი პური დაიხარჯა და შიმშილობა კი ისევ გრძელდებოდა. შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, იაკობის შვილები ხელმეორედ უნდა წასულიყვნენ ეგვიპტეში პურის საყიდლად. მოხუცებული იაკობისათვის მეტად სამძიმო საქმე იყო ბენიამენის მოშორება, მაგრამ უიმისოდ მის შვილებს არ შეეძლოთ ეგვიპტის უფროსს ჩვენებოდნენ. ბოლოს, როგორც იყო, შვილებმა დაიყოლიეს მამა ბენიამენის გატანებაზე.

იაკობმა გაამზადა შვილები სამგზავროდ, დაულოცა მათ გზა მშვიდობისა, ტირილით გამოემშვიდობა და გაისტუმრა.

იოსებმა ძმები მეორედ ძალიან ალერსიანად მიიღო. როცა მათი მისვლა მოახსენეს, მსახურთ უბრძანა, მის სახლში დაებინავებინათ ისინი, მიეყვანათ მათთან ის ძმა, რომელიც საპყრობილეში იყო და კარგად გამასპინძლებოდნენ. შემდგომ იოსებიც გამოვიდა მათთან და მეგობრულად დაუწყო გამოკითხვა: „მამათქვენი ხომ კარგად არის? მითხარით, მოხუცებულიაო. ჯერ ხომ კიდევ ცოცხალია? ეს არის თქვენი პატარა ძმა? ნუ მოგაკლოს, შვილო, ღმერთმა თავისი მოწყალება“. - თქვა თუ არა ეს სიტყვები, საჩქაროდ გაბრუნდა და გავიდა სხვა ოთახში. მას ძალიან უყვარდა ბენიამენი, სიხარულისაგან გული ამოუჯდა, თავი ვეღარ შეიმაგრა და დაიწყო ტირილი. მერე, პირი რომ დაიბანა და გული გაიმაგრა, ისევ შევიდა თავის ძმებთან, მიიპატიჟა სუფრაზე და უბრძანა, საჭმელი მოერთმიათ. თვითონაც მათთან დაჯდა და სთავაზობდა საჭმელს, მეტადრე ბენიამენს.

ამასთან, ერთმა გარემოებამ მეტად გააკვირვა იოსების ძმები: მან ისინი დასხა წლოვანების რიგზე, თითქოს იცოდა, რომელი უფროსი იყო და რომელი - უმცროსი.

სადილზე იოსების ძმები ძალიან გამხიარულდნენ, რადგანაც სრულიად არ მოელოდნენ მეგობრულ მოქცევას და ალერსს. სადილის შემდეგ იოსებმა უბრძანა, მიეცათ მათთვის პური და ყველანი შინ გაისტუმრა.

/დაბ. 43, 1-34/