საღმრთო ისტორია

(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

ძველი აღთქმა

ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი დედ-მამისაგან იბადება. აგრეთვე ვხედავთ, რომ ცხოველები ცხოველებისაგან ჩნდებიან, მცენარეები მცენარეებისაგან მრავლდებიან. მაგრამ პირველი დედ-მამა როგორღა დაიბადა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა გაჩნდნენ ქვეყანაზე? – ისინი შექმნა ღმერთმა.

ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი, ყველაფრის დამბადებელი. მან გააჩინა ცა, მან შექმნა დედამიწა და მან დაბადა ყოველი სულიერი და უსულო არსება, რასაც კი ქვეყნიერებაზე ვხედავთ. თვითონ ღმერთი კი არავისგან შექმნილა და არავისგან შექმნილა და არავისგან დაბადებულა; იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ ღმერთს ჩვენ ვუწოდებთ საუკუნო არსებას.

კაცი როცა რაიმე ნივთს აკეთებს, მასალას ხმარობს. ღმერთმა კი ქვეყანა არაფრისაგან შექმნა. კაცი საქმის დროს ჯაფასა სწევს, ხელებსა და ფეხებს, მთელ სხეულს ამუშავებს. უფალმა კი მთელი ქვეყანა შექმნა მარტო სიტყვით, ბრძანებით. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისშემძლებელს. მას შეეძლო, ყველაფერი ერთ წამს გაეჩინა, მაგრამ სხვაფრივ ინება: ცისა და დედამიწის შექმნას ექვსი დღე მოანდომა.