დასჯა ცოდვისათვის
საღამო ჟამზედ სამოთხეში მოვიდა ღმერთი. მან, რასაკვირველია, კარგად იცოდა ადამისა და ევას შეცოდება. უწინ რომ შეიტყობდნენ ხოლმე უფლის მისვლას სამოთხეში, ადამი და ევა სიხარულით მიეგებებოდნენ მას. ახლა კი შიშისაგან ძაგძაგი დაიწყეს და არ იცოდნენ, სად დაკარგულიყვნენ. დაივიწყეს, რომ ყოვლისმხილავ ღმერთს კაცი ვერსად დაემალება და შეიმალნენ ხეებს შუა.
სახიერს ღმერთს უნდოდა, რომ ადამსა და ევას მოენანიებინათ მის წინაშე ცოდვა და სასჯელი თავიდან აეცილებინათ. ამიტომ დაუძახა: „ადამ, ადამ, სადა ხარ?“ ადამმა სირცხვილისა და შიშისაგან ჯერ ხმა ვერ გასცა, მაგრამ, როცა უფალმა მეორედაც დაუძახა, უპასუხა: „გავიგონე შენი ხმა, უფალო, შემეშინდა და დავიმალე, რადგანაც ტიტველი ვარ“.
„როგორ დაინახავდი შენს სიტიტვლეს, აკრძალულ ხილს თუ არ შეჭამდი?“ – უთხრა უფალმა.
ადამს რომ ამ დროს წრფელი გულით ეღიარებინა თავისი ცოდვა, შეენანებინა იგი და მიტევება ეთხოვა უფლისათვის, ადვილად გადარჩებოდა. მაგრამ, საუბედუროდ, სინანულის მაგივრად თავის მართლება დაიწყო და თითქმის თვით ღმერთს აბრალებდა თავის ცოდვასა: „შენგან მოცემულმა ცოლმა მომცა აკრძალული ხილი და მაჭამა“.
ღმერთი მიუბრუნდა ევასა და ჰკითხა: „რად ჰქენი შენ ეს?“
ევამაც სინანულის მაგივრად თავის მართლება დაიწყო: „შენგან შექმნილმა გველმა შემაცდინა და მაჭამა აკრძალული ხილი“.
მაშინ უფალმა უთხრა გველსა: „რადგანაც შენ ეს ჰქმენი, იყავ წყეული ნადირთა შორის; მუდამ მუცელზე ხოხავდე და მიწას ჭამდე მთელს შენს სიცოცხლეში. მე ჩამოვაგდებ მტრობას დედაკაცსა და შენს შუა, მისსა და შენს თესლს შუა. შენ ეცდები, ქუსლში უკბინო დედაკაცის შთამომავლობას, ხოლო ერთი მისი შთამომავალი შენ თავს გაგიჩეჩქვავს“.
ევას კი უფალმა უბრძანა: „ვარამში და დარდში ატარებდე შენს სიცოცხლეს, შვილთა შენთა შობდე წვალებითა და ტანჯვით. იყო ქმრის მორჩილებაში და იგი უფლებდეს შენ ზედა“.
ბოლოს ადამს უთხრა: „რადგანაც შენ გაუგონე ცოლსა შენსა და ჭამე ნაყოფი, რომელიც მე აგიკრძალე, წყეული იყოს დედამიწა შენს სატანჯველად, ნარი და ეკალი მოჰყავდეს მას შენთვის; ოფლითა შენითა ჭამდე პურსა შენსა, სანამ მიწაში არ ჩახვალ, რადგან მიწა ხარ და მიწადვე იქცევი“.
ამის შემდეგ მისცა მათ ტყავის ტანისამოსი და უბრძანა უმაღლეს ანგელოზს, ქერუბიმს, გამოერეკა ადამი და ევა სამოთხიდან და არასდროს აღარ შეეშვა იქ. ქერუბიმმა გამორეკა ცოდვილი ცოლ-ქმარი და სამოთხის კარში ჩადგა. მას ხელში ეჭირა ცეცხლის ხმალი, რათა ადამი და ევა არ მისულიყვნენ ცხოვრების ხესთან, არ ეჭამათ მისი ნაყოფი და არ შექმნილიყვნენ უკვდავნი.
/დაბადება 3, 8-24/