ადამის და ევას შეცოდება
ერთხელ ევა სამოთხეში მარტო დასეირნობდა და აკრძალულ ხეს მიუახლოვდა. ამ დროს მახლობელ ხეზე დაინახა გველი და შეჩერდა. გველმა მაშინვე ტკბილი ხმით გადმოსძახა: „ევა, ევა! ღმერთმა თქვენ მართლა აგიკრძალათ სამოთხის ყველა ხილი?“ ევა კარგად ხედავდა, რომ მას უბრალო გველი არ ელაპარაკებოდა, მაგრამ თვალი და ყური მაინც არ მოარიდა, პირიქით, კიდეც გამოეპასუხა: „არა, ჩვენ ყველა ხილის ჭამის ნება გვაქვს, მხოლოდ, აი, ამ ხის ნაყოფი აგვიკრძალა უფალმა და გვითხრა: არამც და არამც არა სჭამოთ ეს ხილი, თორემ უთუოდ დაიხოცებითო“.
„ტყუილად შეგშინებიათ, - მტკიცედ უთხრა ეშმაკმა, - ღმერთმა კარგად იცის, რომ მაგ ხილის ჭამით არამც თუ არ დაიხოცებით, არამედ აგეხილებათ თვალები, შეიქმნებით ღმერთები და გეცოდინებათ ყველაფერი – კეთილიცა და ბოროტიც“.
ევა დააცქერდა აკრძალულ ხილსა და თვალში ძლიერ მოუვიდა. მივიდა ახლოს, მოწყვიტა ნაყოფი და ჭამა. მეორე ნაყოფიც მოჯლიგა მერე, მიუტანა ქმარს, უქო და იმანაც ჭამა.
მოხდა თუ არა ეს, ადამმა და ევამ იგრძნეს საშინელი ცვლილება. აქამდის ისინი იყვნენ მხიარულნი, ახლა კი გულზედ დააწვათ რაღაც მძიმე ვარამი; აქამდის ისინი მოუთმენლად ელოდნენ ხოლმე უფლის მოსვლას სამოთხეში, ახლა კი ამ მოსვლისა ეშინოდათ და ძაგძაგებდნენ. თვალნი მათ მართლა აეხილათ, მაგრამ კეთილისა და ბოროტის ცოდნის მაგიერ იმათ დაინახეს თავიანთი სიტიტვლე. აქამდის ისინი იყვნენ ნათლით შემოსილნი და ამიტომ არა გრძნობდნენ თავიანთ სიშიშვლეს და არც სირცხვილი იცოდნენ. ახლა კი ნათელი მოშორდათ, დაინახეს ერთმანეთი და შერცვათ.
მათ დაგლიჯეს დიდი ფოთლები ლეღვისა, აასხეს ერთმანეთზე და ტანზე აიფარეს.
/დაბადება 3,1-7/