წარღვნა
გაზაფხული იყო, როცა ნოე მოექცა კიდობანში. დაიხურა თუ არა კიდობნის თავი, იგრიალა საშინელმა წვიმამ და დაეშვა დედამიწაზე. ორმოცი დღე-ღამე იდინა შეუწყვეტლივ ნიაღვარმა. ზღვერბი, ტბები, წყაროები და მდინარეები გადმოვიდა ნაპირებიდან და მთლად წალეკეს დედამიწა. წყალი თანდათან მაღლა ადიოდა და ბოლოს დამალა თვით უმაღლესი მთების მწვერვალებიცა. მთელი კაცობრიობა და სულდგმულობა დაიხრჩო წყალში. გადარჩა მარტო ნოე და ყველა, კიდობანში მყოფი. კიდობანი, მაღლა მოტივტივებული, უვნებლად დაცურავდა წყალზე.
გავიდა ხუთი თვე წარღვნის დაწყებიდან. ღმერთმა მოავლინა ქარი, რომელმაც ღრუბლები სრულიად გაფანტ-გამოფანტა, შეწყდა წვიმა და დედამიწიდან წყალმა დაიწყო დენა ზღვებში და მდინარეებში. წყალმა თანდათან ძირს დაიწია. მალე მთის წვერები გამოჩნდა. ნოემ იგრძნო შიგნით, რომ კიდობანი დადგა. ამის შემდეგ დაიცადა ორმოცი დღე და გამოუშვა ყორანი, - უნდოდა შეეტყო, მოშორდა წყალი მიწას თუ არა. მაგრამ ყორანი უკან აღარ დაბრუნდა. მეორედ გამოუშვა მტრედი. მტრედმა ბევრი იფრინა, მაგრამ მშრალი ადგილი ვერსად ნახა და დაბრუნდა უკან. შვიდი დღის შემდეგ ხელმეორედ გაუშვა მტრედი. ეხლა კი მტრედი ცარიელი არ მობრუნებულა: ნისკარტით მოიტანა ზეთისხილის შტო, ახალი ფოთლებით შემოსილი. კიდევ გავიდა შვიდი დღე და ნოემ მესამედ გამოუშვა მტრედი, მაგრამ იგი აღარ დაბრუნდა კიდობანში.
მაშინ ნოემ ახადა თავი კიდობანსა, გადმოიხედა ძირს და ნახა, რომ მიწას სრულიად მოშორებოდა წყალი, მაგრამ ჯერ მაინც არ გადმოვიდა კიდობნიდან, ღვთის ბრძანებას უცდიდა.
როცა დედამიწა სრულიად გაშრა, ღმერთმა უბრძანა ნოეს, გადმოსულიყო კიდობნიდან და გამოესხა ყველა შიგ მყოფი. სწორედ ერთი წელიწადი დაჰყო ნოემ კიდობანში და გამოვიდა მეორე წლის თავს. მაშინვე ნოემ სამადლობელი მსხვერპლი შესწირა უფალსა. ღმერთმა კეთილად მიიღო მსხვერპლი და აღუთქვა, რომ ამის შემდეგ წარღვნას აღარასოდეს მოავლენდა. ამ აღთქმის აღსრულების ნიშნად უჩვენა მას ცაში შვიდფეროვანი ცისარტყელა.
/დაბადება 7, 7-24; 8, 1-22; 9, 11-24/