ძველი აღთქმა

დაბადება

ბაბილონის გოდოლი

ნოეს სამივე შვილის შთამომავალნი თავდაპირველად ერთად ცხოვრობდნენ, ერთი ქვეყანა ეჭირათ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ და ერთ ხალხს შეადგენდნენ, მაგრამ, რადგანაც მაშინ ადამიანები მეტად დღეგრძელნი იყვნენ, ხალხი ძლიერ გამრავლდა და ერთად აღარ ეტეოდა. დღეს თუ ხვალ უნდა დაყოფილიყვნენ ცალ-ცალკე თემებად და აქეთ-იქით გაფანტულიყვნენ საცხოვრებლად.

მაშინ იმათ ერთად მოიყარეს თავი და თქვეს: „მოდით, სანამ ერთადა ვართ და ჯერ კიდევ არ წავსულ-წამოვსულვართ, ისეთი რამე ავაშენოთ, რომ ჩვენი სახელის სახსოვრად და სადიდებლად საუკუნოდ დარჩეს და, როცა მას შეხედავენ ჩვენი შთამომავალნი, განცვიფრებით თქვან ჩვენზე: რა მრავალნი, მძლავრნი და ხელოვანნი ყოფილანო“.

თქვეს და ასრულებასაც შეუდგნენ. გამოწვეს უთვალავი აგური, და დაიწყო ბაბილონის ქალაქში აშენება ერთი უშველებელი სვეტის ანუ გოდლისა, რომელსაც, მათი განზრახვით, ცაში უნდა მიებჯინა წვერი.

მაგრამ ღმერთს არ მოეწონა მათი განზრახვა და საქმე. უფალს ძალიანა სძულს უგუნური და ყველასათვის უსარგებლო შრომა, და მეტადრე, ამაყობა ამგვარი გამოუსადეგარი შრომითა. ამიტომ მან აურია მშენებელთა ენა; უცებ სხვადასხვა ენებზე დაიწყეს მათ ლაპარაკი, ერთმანეთისა აღარა ესმოდათ რა და იძულებულნი გახდნენ, ხელი აეღოთ გოდლის შენებაზედ.

ამის შემდეგ ისინი დაიყვნენ თემებად, აქეთ-იქით გაიფანტნენ, ცალ-ცალკე ადგილები ამოირჩიეს საცხოვრებლად და შეადგინეს სხვადასხვა ხალხები.

ასე გააჩინა უფალმა სხვადასხვა ენა და ამით ყოველ კაცს აჩვენა, რომ მას უნდა უყვარდეს თავისი დედა-ენა, როგორც უფლისაგან მონიჭებული საუნჯე და ძვირად უნდა აფასებდეს მას.

/დაბადება 11, 1-9/