ძველი აღთქმა

დაბადება

ადამიანის შექმნა

ყველა სხვა ქმნილება ღმერთმა გააჩინა სიტყვით ანუ ბრძანებით. ადამიანის შექმნა კი სხვაგვარად ინება. ჯერ თქვა: შევქმნათ ადამიანი ხატად და სახედ ჩვენდა. მერე აიღო მიწა, გააკეთა კაცის სხეული და ჩაჰბერა მას სული უკვდავი. ასე დაიბადა ქვეყნად პირველი კაცი, რომელსაც ღმერთმა დაარქვა სახელად ადამი, რაიცა ნიშნავს მიწიდან ამოღებულს. იგი ღმერთმა დააბინავა მშვენიერ ბაღში – სამოთხეში.

ადამმა დაათვალიერა ღვთისაგან გაჩენილი ყველა ცხოველი, კარგად გასინჯა ისინი, მაგრამ ვერ ჰპოვა მათ შორის თავისი მსგავსი, თავისი თანასწორი. ადამისთანა გონიერი და მეტყველი არსება იმათში არცერთი არ ერია და ამიტომ ადამს არ შეეძლო, თავისი აზრი ვისთვისმე ეთქვა, გრძნობა გაეზიარებინა, თავისი სიხარული სხვისთვის შეეტყობინებინა. მაშინ ადამმა მარტოობა იგრძნო და მოიწყინა.

ღმერთმა რომ ეს შენიშნა, თქვა: არ არის კარგი ადამის მარტოდ დარჩენა, გავუჩინოთ მას ტოლი, მეგობარი. მოჰგვარა უფალმა ადამს ღრმა ძილი, გამოუღო გვერდიდან წიბო და შეუქმნა მეგობარი – ცოლი, რომელსაც ადამმა ევა დაარქვა. ბოლოს უფალმა აკურთხა, დალოცა ორნივე და უთხრა: გამრავლდით, აავსეთ ქვეყანა და უფლებდეთ მას ზედა.

ეს მოხდა მეექვსე დღეს. დადგა მეშვიდე დღე და უფალმა განისვენა ქმნისაგან.

 

/დაბადება 1,1-26; 2,2-7; 18,20-21; 3,20/