გადასახლების შემდეგ აბრამსა და ლოთს დიდხანს არ უცხოვრიათ ერთად. მათ მალე მოუხდათ გაყრა და ერთმანეთთან განშორება. ამის მიზეზი გახდა შემდეგი შემთხვევა: ლოთს საკუთარი კარვები ჰქონდა და ჰყავდა აუარებელი საქონელი. აბრამიც აგრეთვე მდიდარი იყო ძროხით, ცხენითა და ცხვრით. ამდენი საქონელი არ თავსდებოდა გარშემო იალაღებზე და ამის გამო განხეთქილება ჩამოვარდა აბრამისა და ლოთის მწყემსებს შორის, რომელნიც ერთმანეთს ეცილებოდნენ საძოვარ ადგილებს.
აბრამს ეშინოდა, რომ ამ შემთხვევას არ ჩამოეგდო სიძულვილი მასა და ლოთს შორის, ამიტომ მოუწოდა თავის ძმისწულს და უთხრა: „ნუ იქნება უთანხმოება შენსა და ჩემს შორის, შენსა და ჩემს მწყემსებს შორის იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთის ძმები ვართ. უკეთესია ერთმანეთს გავეყაროთ და ცალ-ცალკე ვიცხოვროთ. ჩვენს წინ მდებარე ქვეყანა დიდია, რომელი მხარეც გინდა, ის ამოირჩიე. თუ მარცხნივ ირჩევ, მე მარჯვნივ წავალ; თუ მარჯვნივ ამჯობინებ, მე მარცხნივ გავემგზავრები“.
ლოთს ჭკუაში მოუვიდა აბრამის სიტყვები და საცხოვრებლად ამოირჩია ერთი ფართო ველი, დაფენილი მშვენიერი იალაღებით, რომელიც ირწყვებოდა მდინარე იორდანით. იგი გაემგზავრა იქითკენ და კარვები დასცა ერთი ქალაქის გვერდით, რომელსაც სახელად ერქვა სოდომი.
/დაბ. 13, 1-12/