ძველი აღთქმა

დაბადება

აბრამის სარწმუნოება

რადგანაც უფალს განსაკუთრებით უყვარდა აბრამი მტკიცე სარწმუნოებისათვის, ამიტომ მრავალჯერ ეცხადებოდა ძილშიც, სიფხიზლეშიც და ესაუბრებოდა მას, როგორც კეთილი მამა; უმეორებდა თავის აღთქმათ მრავალ მოწყალებათა შესახებ, რომელნიც განუმზადა მას, და არწმუნებდა, რომ იგი გახდებოდა მამა დიდი შთამომავალისა.

ერთხელ სიზმარში აბრამს მოესმა ღვთის ხმა: „ნუ გეშინიან, აბრამ, მე ვარ შენი მფარველი და დიდი ჯილდოც მოგელის ჩემგან“. აბრამმა უპასუხა: „უფალო, რაცა მაქვს, ისიც არ მახარებს იმიტომ, რომ უშვილო ვარ და მთელი ჩემი სარჩო ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს მონას უნდა დარჩეს“.

მაშინ უფლის ხმამ დაარწმუნა აბრამი, რომ უმემკვიდრო არ დარჩებოდა. შემდეგ გამოიყვანა ტრიალ მინდორზე და უთხრა: „აბა, აიხედე მაღლა და დათვალე ვარსკვლავნი ცისანი. არ შეგიძლია, განა? აგრეთვე (ასევე) უთვალავი იქნება თესლი შენი, რომელსაც მე დავუმკვიდრებ ქვეყანას, სადაც ახლა შენ ცხოვრობ“.

მაგრამ გავიდა დიდი ხანი და უფლის აღთქმა ჯერ კიდევ არ ასრულებულიყო. აბრამი გადადგა მეასე წელიწადში, სარა - ოთხმოცდამეათეში და შვილი კიდევ არ მისცემოდათ. მაშინ უფალი ახლად გამოეცხადა აბრამს და უთხრა: „მე ვარ შენი ღმერთი, კეთილად მემსახურე და იყავ უბიწო. მე დავდებ შენთან აღთქმას* და გადაგაქცევ დიდ ხალხად. ცოლი შენი სარა შობს შვილს და მისგან წარმოდგება ხალხი, რომელიც იქნება ღმერთი შენი შვილისა და მისი შთამომავლობისა“.

მეტი სიხარულით აბრამს გაეცინა და ღმერთმა უბრძანა მას, რომ სახსოვრად ამ სიხარულისა შვილისათვის დაერქვა ისაკი, რაც ქართულად ნიშნავს სიცილსა.

/დაბ. 13, 14-17; 15, 1-5; 17, 19/

* აღთქმის დადების ნიშნად უფალმა აბრამს უწოდა აბრაამი, ხოლო მის ცოლს სარას - სარრა. ამიერიდან ისინი ასე იწოდებოდნენ.