აბრამი დაიბადა და ცხოვრობდა ქალდეველთა ქვეყანაში. ამ ქვეყნის მცხოვრებლებიც დიდით პატარამდის კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. თვით აბრამის მამაც, რომელსაც ერქვა თარა, კერპებს ემსახურებოდა. მარტო აბრამსღა ახსოვდა ჭეშმარიტი ღმერთი და ადიდებდა მას.
ისიც რომ არ შერყეულიყო თავის სარწმუნოებაზე ნათესავების წაბაძვით, ღმერთმა მოინდომა მისი გადასახლება სხვა ქვეყანაში. ამიტომ ერთხელ გამოეცხადა მას და უბრძანა: „დატოვე შენი სამშობლო ქვეყანა, დაანებე თავი შენს ნათესავებს, შენს სახლ-კარსა და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე შენ გიჩვენებ; მე შენგან წარმოვადგენ დიდ ხალხს, გაკურთხებ და მოგანიჭებ დიდებას. ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებენ, და დავწყევლი მათ, ვინც შენ დაგწყევლიან. ერთი შენი შთამომავლით კურთხეულ იქნებიან მთელი ქვეყნის თემნი“.
აბრამი დამორჩილდა ღვთის ბრძანებას, წავიდა თავის სამშობლოდან და გაემგზავრა სამხრეთისაკენ იმიტომ, რომ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მას უფალმა მისცა საცხოვებლად, იყო ქალდეველთა ქვეყნიდან სამხრეთისაკენ. თან წაიყვანა აბრამმა თავისი ცოლი სარა და ძმისწული ლოთი მისი სახლობით. ამ დროს აბრამი იყო სამოცდათხუთმეტი წლისა.
/დაბ. 11, 27-28,31; 12, 1-5/