მოძღვრება, რომ ღმერთი სიხარულითა და სიყვარულით მიიღებს სინანულში მყოფ ცოდვილს, იესო ქრისტემ გამოთქვა უძღები შვილის შესახებ.
ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. უმცროს შვილს მისი თხოვნით მამამ ქონებიდან თავისი წილი მისცა. ის წავიდა შორ ქვეყანაში, დაიწყო იქ უწესოდ ცხოვრება და გაფლანგა ყველაფერი. მალე იმ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ის ღორის მწყემსად დაუდგა ერთ იქაურ კაცს და მოხარული იქნებოდა, რომ ღორების საჭმელი რომ მაინც ჰქონოდა თავისთვის, მაგრამ იმასაც არ აძლევდნენ. გაჭირვებამ ჭკუა ასწავლა მას: გაახსენდა მამა, სინანული იწყო და გადაწყვიტა, მამასთან დაბრუნებულიყო და მოჯამაგირედ მაინც დასდგომოდა.
ასეც მოიქცა. როცა მამამ ის შორიდან დაინახა, შეებრალა, მიეგება, გადაეხვია და კოცნა დაუწყო. შემდეგ მოსამსახურეებს უბრძანა, შეემოსათ იგი საუკეთესო ტანსაცმლით, ბეჭედი წამოეგოთ თითზე, ფეხსაცმელი ჩაეცმიათ და ლხინი გაემართათ.
ამ დროს უფრო შვილი მინდვრიდან დაბრუნდა. როცა გაიგონა სიმღერა და მოლხენა, და ლხინის მიზეზიც გაიგო, იწყინა და არ უნდოდა სახლში შესვლა. გამოვიდა მამა მის დასაძახებლად, მაგრამ მან უპასუხა: „შენ ჩემთვის ერთი თიკანიც არ მოგიცია არასდროს, რომ მეგობრებთან მომელხინა, ხოლო მისთვის, რომელმაც თავისი ქონება გაფანტა უწესოდ, დაკალი ნასუქი ხბო“. მამამ უთხრა: „შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და ყოველივე ჩემი შენია. ჩვენ ის უნდა გვიხაროდეს, რომ შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“.