ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა

(მათე 14, 1-12; მარკოზი 6, 14-29; ლუკა 9, 7-9)

წმიდა იოანე წინამორბედმა აღასრულა ის საქმე, რომლისათვისაც იყო მოვლენილი ღმრთისაგან: მან მოამზადა ხალხი მაცხოვრის მისაღებად, მოწმობდა ქრისტეზე, რომ ის არის ძე ღმრთისა, შემდეგ კი აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით.

მეფე ჰეროდემ შირთო ცოლად ჰეროდია - თავისი ძმის, ფილიპეს, ცოლი. ამ უსკულოებისათვის იოანე ამხელდა ჰეროდეს, რის გამოც ჰეროდემ ის საპყრობილეში ჩასვა. ბოროტი ჰეროდეა ამით არ კმაყოფილდებოდა. ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ მოეკლა იოანე. შემთხვევა მალე მიეცა: ჰეროდემ თავის დაბადების დღეზე დიდკაცობას ლხინი გაუმართა. ლხინის დროს ჰეროდეას ასული შევიდა დარბაზში და იცეკვა, ამით ასიამოვნა მეფეს და მის სტუმრებს. მეფემ შეჰფიცა მას და უთხრა: „მთხოვე რაც გინდა და მოგცემ, თუ გინდა ჩემი სამეფოს ნახევარს“. მან დედის დარიგებით უთხრა ჰეროდეს: „მომეცი ახლავე იოანე ნათლისმცემლის თავი“. მეფე შეწუხდა, მაგრამ ფიცის გამო უბრძანა ჯარისკაცს, მოეტანა იოანეს თავი. ჯარისკაცი საპყრობილეში წავიდა, მოჰკვეთა თავი იოანეს, მოიტანა ლანგრით და მისცა ქალს, ქალმა კი მიუტანა თავის დედას. იოანეს მოწაფეები მივიდნენ საპყრობილეში, წაასვენეს იოანეს ნეშტი და დაასაფლავეს.