იესო ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდაათი დღის შემდეგ იერუსალიმში მოციქულები სხვა მორწმუნეებთან ერთად იყვნენ ერთ ოთახში და ღმერთს ევედრებოდნენ. მესამე საათზე (დილის ცხრა საათზე) უეცრად ციდან მოისმა ხმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო და აავსო სახლი, რომელშიც ისინი იყვნენ. სულიწმიდა ცეცხლის ენების მსგავსად გადმოვიდა თითოეულ მათგანზე და მათ დაიწყეს ლაპარაკი და ღმრთის დიდება სხვადასხვა ენაზე. იმ დროს იერუსალიმში იყო ბევრი იუდეველი, დღესასწაულის გამო სხვადასხვა მხრიდან შემოკრებილი. როცა ხმაური მოესმათ, შეიკრიბნენ იმ სახლთან, რომელშიც მოციქულები იყვნენ, და უკვირდათ, რომ მოციქულები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ.
მაშინ პეტრე მოციქულმა დაიწყო ქადაგება და განუმარტა ხალხს, რომ ქრისტე, იუდეველთაგან ჯვარცმული, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცაში და მოუვლინა მათ სულიწმიდა; რომ ქრისტე არის ძე ღმრთისა, ქვეყნიერების მხსნელი. ბევრმა დაიჯერა და ეკითხებოდნენ, რა ვქნათო? პეტრე მოციქულმა უთხრა მათ: „შეინანეთ და თითოეული თქვენგანი მოინათლოს“. მათ სიხარულით დაიჯერეს მისი სიტყვა და იმ დღეს სამიათას კაცამდე მოინათლა. ამგვარად იწყო ღმრთის სასუფეველმა, ე.ი. ქრისტეს ეკლესიამ, ქვეყანაზე დაფუძვნება.
სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ მოციქულებმა დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ქვეყანაში და მორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მრავლდებოდა. ამიტომ მოციქულებმა დანიშნეს საღმრთო ხელდასხმით ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, რომ ისინი დახმარებოდნენ მათ ქადაგებისას და შეესრულებინათ საიდუმლოებანი.