მოახლოვდა ქრისტეს შობის დრო. მაშინ რომის იმპერატორის ავგუსტუსისაგან გამოვიდა ბრძანება, მოეხდინათ მოსახლეობის აღწერა. ყოველი კაცი თავის წინაპართა ქალაქში უნდა ჩაწერილიყო. იოსები და მარიამი, რომლებიც დავითის ტომის შთამომავლები იყვნენ, წავიდნენ ბეთლემში, დავითის ქალაქში. იქ ბინა ვერ იშოვეს და ღამის გასათევად გამოქვაბულში დაბინავდნენ, სადაც ავდრის დროს მწყემსებს საქონელი შეჰყავდათ. ამ გამოქვაბულში ქალწულმა მარიამმა შვა ჩვენი უფალი, იესო ქრისტე.
ქალწულმა მარიამმა სახვეველში იგი თვითონვე შეახვია და ბაგაში მიაწვინა. ღამე იყო, მწყემსები საქონელს მინდორში ყარაულობდნენ. უეცრად გამოეცხადათ მათ ანგელოზი და უფლის დიდება გამოუბრწყინდა მათ. მწყემსები შეშინდნენ, მაშინ ანგელოზმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ, მე გახარებ თქვენ დიდ სიხარულს: დავითის ქალაქში იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე-უფალი. და ეს იყოს თქვენთვის ნიშნად: ნახავთ იმ ყრმას შეხვეულსა და ბაგაში მწოლარეს“. შემდეგ ანგელოზთა დიდი გუნდი გამოცხადაა, ისინი გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
როცა ანგელოზები ზეცაში ავიდნენ, მწყემსები ბეთლემში მივიდნენ, გამოქვაბულში შევიდნენ, ნახეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა და თაყვანი სცეს მას. უამბეს ყოველივე, რაც ნახეს და გაიგონეს ანგელოზთაგან. ყველას აკვირვებდა მათი ნაამბობი, ხოლო მარიამმა ყველა მათი სიტყვა გულში დაიმარხა. ებრაელთა სჯულის თანახმად, მერვე დღეს ყრმას წინადასცვითეს და იესო დაარქვეს.
ქრისტეს შობას ვდღესასწაულობთ ახ.სტ. 7 იანვარს (ძვ.სტ. 25 დეკემბერს).