ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

გაფრთხილება საშინელი სამსჯავროს შესახებ

(მათე 25, 31-46)

იესო ქრისტე თავის მეორედ მოსვლასა და საშინელ განსჯაზე ასე ასწავლიდა: როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებითა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ ის დაჯდება თავისი დიდების ტახტზე და მის წინაშე შეიკრიბება მთელი კაცობრიობა და იგი გაყოფს მას ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი ჰყოფს ცხვრებს თიკანთაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თიკნებს - მარცხნივ. მაშინ მეუფე ეტყვის მათ, რომელნიც მარჯვნივ იქნებიან: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო. და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი სოფლის დასაბამითგან. იმიტომ, რომ მშიოდა და მაჭამეთ მე, მწყუროდა და მასვით მე; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ მე; სნეული ვიყავი და მომინახულეთ; საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან“. მაშინ მართალნი მიუგებენ მას: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ შენ უძლური და საბყრობილეში და მოვედით შენთან?“ მეუფე მიუგებს მათ: „ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ: რაოდენიც უყავით ერთს მცირეთაგან ჩემს ძმას, იგი მე მიყავით“.

მაშინ ეტყვის იმათაც, ვინც მარცხნივ იქნებიან: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელ განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის, იმიტომ, რომ მშიოდა და არ მაჭამეთ მე; მწყუროდა და არ მასვით მე; უცხო ვიყავ და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავ და არ შემმოსეთ; უძლური ვიყავ და საპყრობილეში და არ მოხვედით ჩემთან“. მაშინ ისინიც მიუგებენ მას: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ, ან შიშველი, ან უძლურებაში, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ შენ?“ მაშინ ეტყვის მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რამდენიც არ უყავით ერთს ჩემს მცირეთაგან ძმას, იგი მე არ მიყავით“. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო ცხოვრებაში.