ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

ქანანელი დედაკაცის ასულის განკურნება

(მათე 15, 21-28; მარკოზი 7, 24-30)

ერთხელ იესო ქრისტე ტვიროსის სიდონის საზღვარზე მივიდა. ის დაინახა ერთმა ქანაანელმა წარმართმა (კერპთაყვანისმცემელმა) დედაკაცმა, მივიდა მასთან და დაუწყო ვედრება: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს“. მაგრამ იესომ ხმა არ გასცა მას. მაშინ მოწაფეებმა სთხოვეს: „გაუშვი ის, რადგან მოგვდევს და ყვირის“. იესომ უთხრა მოწაფეებს: „მე მოვლინებულ ვარ ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა დასახსნელად“. ქანაანელი დედაკაცი დავარდა მის ფერხთა წინაშე და უთხრა: „უფალო, შემეწიე მე“. ქრისტემ მიუგო მას: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“. მან უპასუხა: „ჰე, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონის სუფრიდან ცვივა“. მაშინ იესო ქრისტემ უთხრა მას: „დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოება შენი, გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს“. და მისი ასული მაშინვე განიკურნა.