ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

იესო ქრისტეს ნათლისღება

(მათე 3, 13-17; მარკოზი 1, 9-11; ლუკა 3, 21-22)

როცა იესო ქრისტე შობიდან 30 წლისა იყო, მივიდა იოანესთან იორდანეზე, რომ ნათელი მიეღო (მონათლულიყო) მისგან. იოანემ უთხრა მას: „მე უნდა ნათელ-ვიღო შენგან და შენ ჩემთან მოდიხარ?“ მაგრამ იესომ უთხრა: „ჩვენ უნდა აღვასრულოთ ყოველი სიმართლე, ეს არის ღმრთის ნება და ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მას“. იოანემ დაუჯერა და ნათელ-სცა მას. როცა იესო წყლიდან ამოვიდა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და სულიწმიდა გადმოვიდა მასზე მტრედის მსგავსად და ზეციდან ხმა მოისმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. ნათლისღების შემდეგ იესო ქრისტე ლოცულობდა და მარხულობდა უდაბნოში ორმოც დღეს. ამ დროს ეშმაკი ცდილობდა მის შეცდენას, მაგრამ ქრისტემ სძლია მას. ამის შემდეგ იესო ქრისტემ ხალხში ქადაგება დაიწყო.

ქრისტეს ნათლისღებას ვდღესასწაულობთ ახ. სტ. 19 იანვარს (ძვ.სტ. 6 იანვარს).