ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

იგავი მთესველის შესახებ

(მათე 13, 1-23; მარკოზი 4, 1-15; ლუკა 8, 4-15)

ერთხელ იესო ქრისტე გალილეის ტბის ნაპირზე გაჩერდა. მასთან შეიკრიბა დიდძალი ხალხი. ის ნავში ავიდა და დაჯდა, ხალხი კი ნაპირზე იდგა. მან დაიწყო ხალხის სწავლება იგავით:

„გამოვიდა მთესველი სათესად. როცა თესავდა, ზოგი თესლი დავარდა გზაზე და ფრინველებმა აკენკეს. ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, ჩქარა აღმოცენდა, მაგრამ მალევე გახმა, რადგან მიწა ღრმა არ იყო, ზოგი დავარდა ეკალთა შორის, ამოვიდა ეკალი და მოაჭკნო იგი. ზოგი კი ნაყოფიერ მიწაზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო“.

როცა იესომ იგავი დაამთავრა, თქვა: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად ისმინეთ“.

მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „რას ნიშნავს ეს იგავი?“ ქრისტემ ასე განმარტა: „თესლი არის ღმრთის სიტყვა, მთესველი არის ის, ვინც ქადაგებს ღმრთის სიტყვას. თესლი, რომელიც დავარდა გზაზე ნიშნავს იმ ადამიანებს, რომელთაც გულში ჩაეთესათ სიტყვა, მაგრამ უყურადღებოდ ისმენდნენ. მათთან მივიდა ეშმაკი და მოსტაცა მათ გულში ჩათესილი სიტყვა. თესლი, რომელიც დავარდა კლდოვან ადგილზე ნიშნავს მათ, რომლებიც სიხარულით მიიღებენ სიტყვას, მაგრამ მწუხარებისა და დევნის დროს განდგებიან (უარყოფენ). თესლი, რომელიც დავარდა ეკალთა შორის ნიშნავს მათ, რომელნიც ისმენენ ღვთის სიტყვას, მაგრამ სიმდიდრესა და ქვეყნიურ ცხოვრებაზე ზრუნვა აბრკოლებს მათ და ვერ მოაქვთ კეთილი ნაყოფი. თესლი, რომელიც დავარდა ნაყოფიერ ადგილზე ნიშნავს მათ, რომლებიც ისმენენ ღმრთის სიტყვას, იმარხავენ კეთილსა და წმინდა გულში და გამოაქვთ ნაყოფი მოთმინებით“.