ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

მოგვთა თაყვანისცემა

(მათე 2)

როცა ქრისტე იშვა, აღმოსავლეთიდან იერუსალიმში მოვიდნენ მოგვნი (ვარსკვლავთმრიცხველნი) და იკითხეს: „სად არის იუდეველთა მეფე, რომ დაიბადა? ჩვენ ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვსცეთ მას“. როცა ეს გაიგონა, ჰეროდე მეფე შეძრწუნდა. მან შეკრიბა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და ჰკითხა მათ: „სად უნდა იშვას ქრისტე?“ მათ უპასუხეს: „იუდას ბეთლემში, რადგან ასე არის დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ“. მაშინ ჰეროდემ ჩუმად მოუწოდა მოგვებს და უთხრა მათ: „წადით და ყველაფერი გაიგეთ იმ ყრმის შესახებ. შემდეგ მე მაცნობეთ, რომ მეც წავიდე მის თაყვანისსაცემად“.

მოგვები წავიდნენ ბეთლემში. ვარსკვლავი, რომელიც მათ იხილეს აღმოსავლეთში, კიდევ გამოჩნდა და იმ ადგილას გაჩერდა, სადაც ყრმა იესო იყო. ისინი შევიდნენ სახლში და იხილეს ყრმა თავის დედასთან, მარიამთან. დაემხნენ, თაყვანი სცეს მას და შესწირეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. მოგვებს უნდოდათ ჰეროდესთან მიბრუნება, მაგრამ ძილის დროს ღმრთისაგან ბრძანება მიიღეს, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.

როცა ჰეროდემ გაიგო მოგვების შინ დაბრუნება, განრისხდა და მხედრები გაგზავნა ყველა ყრმის მოსაწყვეტად ბეთლემსა და მის შემოგარენში, იმ განზრახვით, რომ მათ რიცხვში ქრისტეც მოხვდებოდა. მხედრებმა იმ დროს მრავალი ყმაწვილი დახოცეს, მაგრამ ვერ მოასწრეს ქრისტეს მოკვლა, რადგან იოსებმა, ღმრთის ბრძანებით, ჯარისკაცთა მოსვლამდე ყრმა იესო და მისი დედა წაიყვანა ეგვიპტეში, სადაც ისინი ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ.

როცა ჰეროდე მოკვდა, ღმრთის ბრძანებით, იოსებმა წამოიყვანა იესო და მისი დედა და დაბრუნდა ქალაქ ნაზარეთში; ნაზარეთში იესო ქრისტე ოცდაათ წლამდე ცხოვრობდა, რის გამოც იწოდებოდა ნაზარეველად.