ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ

(ლუკა 10, 25-37)

ერთმა სჯულის მცოდნემ გამოსაცდელად ჰკითხა ქრისტეს: „მოძღვარო! რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო ცხოვრება?“ უფალმა უთხრა მას: „სჯულში როგორ სწერია?“ სჯულის მცოდნემ უპასუხა: „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოველთა გონებითა შენითა, და მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. იესომ უთხრა: „მართლად მომიგე, მაგას იქმოდე და სცხოვნდე“. მაგრამ მას უნდოდა თავის გამართლება და უთხრა იესოს: „ვინ არის მოყვასი ჩემი?“ ამის პასუხად იესომ უთხრა იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ.

ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქონში და ჩავარდა ავაზაკების ხელში, რომლებმაც გახადეს ტანისამოსი, დაჭრეს იგი, დააგდეს ცოცხალმკვდარი და წავიდნენ. შემთხვევით იმ გზაზე მიდიოდა ერთი მღვდელი, შეხედა მას და აუარა გვერდი. ასევე ლევიტელი, რომელმაც ამ ადგილას გაიარა, მივიდა, დახედა და გაუდგა გზას. იმავე გზაზე მიდიოდა ვინმე სამარიტელი, დაინახა დაჭრილი და შეიწყალა, შეუხვია ჭრილობა, დაასხა ზეთი და ღვინო, შესვა თავის სახედარზე, მიიყვანა სასტუმროში და მოუარა მას. მეორე დღეს, როცა მიდიოდა, მან მისცა სასტუმროს პატრონს ორი დინარი და უთხრა: „უპატრონე ამას და, თუ ამაზე მეტს დახარჯავ, როცა დავბრუნდები, მოგცემ“.

„რას ფიქრობ შენ, - ჰკითხა იესომ სჯულის მცოდნეს, - იმ სამი კაციდან რომელი უფრო იყო დაჭრილის მოყვასი?“ სჯულის მცოდნემ უპასუხა: „ვინც მას მოწყალება იყო“. ქრისტემ უთხრა მას: „წადი და შენც ეგრე მოიქეცი“. ესე იგი, ყოველი კაცი ახლობლად ჩათვალე, ვინც უნდა იყოს იგი და, რითაც შეგეძლოს, გაჭირვების დროს შეეწიე მას.