ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

იესო ქრისტეს პირველი მოწაფეები და მისი პირველი სასწაული

(იოანე 1, 35-51; 2, 1-11)

ერთ დღეს ქრისტეს ნათლისღების შემდეგ, იოანე ნათლისმცემელი იდგა იორდანის ნაპირზე და მასთან იყო მისი ორი მოწაფე: ანდრია და იოანე. იოანე ნათლისმცემელმა დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ტარიგი ღმრთისა“. ეს რომ გაიგონეს, ნათლისმცემლის მოწაფეები - ანდრია და იოანე - გაჰყვნენ იესოს და იმ დღეს მასთან დარჩნენ. ანდრიამ მიიყვანა ქრისტესთან თავისი ძმა სიმონი, რომელსაც ქრისტემ პეტრე უწოდა. შემდეგ ქრისტე წავიდა გალილეაში და მგზავრობისას მან მოუწოდა ფილიპეს, ხოლო ფილიპემ მოიყვანა ნათანაელი.

ამ მოწაფეებითურთ ქრისტე მივიდა გალილეაში. იქ, კანაში, ქორწილი იყო. ქორწილში მიიპარიჟეს იესო დედით და მოწაფეებითურთ. ლხინის დროს ღვინო შემოაკლდათ. ღმრთისმშობელმა უთხრა იესოს: „ღვინო არ აქვთ“. იქ ექვსი დიდი ქვის სარწყული იდგა. ქრისტემ უბრძანა მოსამსახურეებს: „აღავსეთ სარწყულნი წყლითა“. და აღავსეს ისინი. შემდეგ უბრძანა: „ამოიღეთ და მიართვით თამადას“. მოსამსახურეებმა მიუტანეს, თამადამ გასინჯა ღვინო და უთხრა სიძეს: „პირველად ყოველი კაცი კარგ ღვინოს მოიტანს სუფრაზე და მერე, როცა სტუმრები დათვრებიან, უარესს, შენ კი კარგი ღვინო ბოლოსთვის შეგინახავს“. მან არ იცოდა, საიდან მოიტანეს ეს ღვინო, ეს იცოდნენ მხოლოდ მოსამსახურეებმა. ამით დაიწყო იესომ სასწაულები და ერწმუნნენ მას მისი მოწაფეები.