შობის შემდეგ მეორმოცე დღეს მარიამმა და იოსებმა მიიყვანეს იესო ტაძარში, რათა ღმრთისათვის მსხვერპლი შეეწირათ. ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი სვიმეონი, კაცი მართალი და კეთილმსახური; ის მოელოდა მაცხოვარს და სულიწმიდა იყო მასზე. მას სულიწმიდამ წინასწარ უთხრა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა უფალს.
სულიწმიდის შთაგონებით ის მოვიდა ტაძარში, აიყვანა ყრმა იესო ხელში და თქვა: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაელისა“. იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი, 84 წლის ქვრივი, რომელიც მუდამ ტაძარში ცხოვრობდა. ისიც მივიდა, ადიდებდა ღმერთს და მაცხოვარზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც კი ცხონებას (გამოხსნას) მოელოდა ღმრთისაგან.
უფლის მირქმას (ხელში აყვანას) ვდღესასწაულობთ ახ.სტ. 15 თებერვალს (ძვ.სტ. 2 თებერვალს).