იესო ქრისტე ასწავლიდა, რომ მდიდარნი არ უნდა იყვნენ გულქვანი, არამედ უნდა ეხმარებოდნენ ღარიბებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიეცემიან სატანჯველს. ეს დარიგება გამოხატა იგავში მდიდრისა და ღარიბი ლაზარეს შესახებ.
ერთი მდიდარი კაცი იყო. იმოსებოდა პორფირითა და ბისონით (ძვირფასი სამოსლით) და მთელი დღე ლხინობდა, იყო აგრეთვე გლახაკი, სახელად ლაზარე. ის იწვა მდიდრის კარებთან დაწყლულებული და სურდა, გამძღარიყო მდიდრის სუფრის ნარჩენებით. ძაღლები მიდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ მას. მოკვდა გლახაკი და მისი სული ანგელოზებმა მიიყვარნეს აბრაამის წიაღში (მართალთა სამყოფელი იმქვეყნად).
მოკვდა მდიდარი და დამარხეს იგი. ჯოჯოხეთში, სატანჯველში მყოფმა აიხედა ზევით, დაინახა აბრაამი შორს და ლაზარე მის წიაღში და ხმამაღლა დაიძახა: „მამაო აბრაამ! შემიბრალე მე და გამომიგზავნე ლაზარე, რომ მან დაისველოს თითის წვერი წყალში და გამიგრილოს ენა, რადგანაც ამ ალში ვიტანჯები“. მაგრამ აბრაამმა უთხრა: „გაიხსენე, რომ შენ კეთილი სიცოცხლეშივე მიიღე, ლაზარემ კი - ბოროტი. ახლა კი აქ იგი ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. და ამას გარდა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, რომელზეც გადასვლა შეუძლებელია“. მაშინ მდიდარმა უთხრა: „მაშ, გთხოვ, მამაო, გააგზავნე ეგ მამაჩემის სახლში, მე ხუთი ძმა მყავს, გააფრთხილოს ისინი, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას“. აბრაამმა უთხრა: „მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი (ანუ აქვთ საღმრთო წერილის წიგნები), მათი ისმინონ“. მდიდარმა უთხრა: „არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგან აღდგება და მივა მათთან, ისინი შეინანებენ“. მაშინ აბრაამმა უთხრა მას: „თუ მოსესა და წინასწარმეტყველებისას არ დაიჯერებენ, არც მკვდრეთით აღმდგარს დაუჯერებენ“.