ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

ლაზარეს აღდგინება

(იოანე 11, 17-57)

იერუსალიმის სიახლოვეს იყო სოფელი ბეთანია. იქ ცხოვრობდა ქრისტეს მეგობარი ლაზარე თავისი ორი დით, მართათი და მარიამითურთ. ქრისტე ხშირად იყო მათთან და უყვარდა ისინი კეთილმსახურებისთვის.

ერთხელ ლაზარე ძლიერ ავად გახდა. დებმა ეს ამბავი იესო ქრისტეს მაშინვე აცნობეს, მაგრამ ქრისტემ დაიგვიანა, ლაზარე მოკვდა და დაასაფლავეს. ქრისტე ლაზარეს სიკვდილისა და დამარხვიდან ოთხი დღის შემდეგ მოწაფეებითურთ მივიდა ბეთანიაში. მართა და მარიამი მწარედ ტიროდნენ, ნათესავნი და ნაცნობებიც ტიროდნენ ლაზარეს სიკვდილის გამო. როცა მტირალნი დაინახა, ქრისტესაც ცრემლი მოერია, მაშინვე წავიდა ლაზარეს საფლავზე და ბრძანა საფლავის ლოდის გადაგორება. უფალმა აღაპყრო თვალები ზეცად და ილოცა, შემდეგ კი ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე! გამოვედ გარე!“ ლაზარე აღდგა და გამოვიდა საფლავიდან. მაშინ ბევრმა ირწმუნა ქრისტე.

ეს იუდეველთა მღვდელმთავრებმა გაიგეს. ისინი მაშინვე შეიკრიბნენ, ჰქონდათ ბჭობა მასზე, თუ რა უყონ იესოს, და კაიაფა მღვდელმთავრის რჩევით გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ იგი. იესო განშორდა ბეთანიას და წავიდა ეფრაიმში.