ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ტანჯვა, სიკვდილი და დასაფლავება

(მათე 26; 27. 14; 15. ლუკა 22; 23. იოანე 18; 19)

იესო ქრისტე სამი მოწაფით - პეტრეთი, იაკობით და იოანეთურთ შევიდა გეთსამანიის ბაღში; იქ ის წუხდა, სამჯერ მიწაზე დავარდა და ილოცა: „მამაო, თუ შესაძლებელ არს, ამაცილე მე ეს სასმისი, ხოლო არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ“. ანგელოზი გამოეცხადა მას და განაძლიერებდა.

ამ დროს ბაღში შემოვიდა იუდა გამცემელი. მან მოიყვანა ჯარისკაცები და მღვდელმთავართა მსახურნი და უთხრა მათ: „რომელსაც მე ვეამბორები, ის შეიპყარით“. მივიდა იესოსთან, აკოცა მას და უთხრა: „გიხაროდენ, მოძღვარო!“ მაშინ მსახურებმა და ჯარისკაცებმა შეიპყრეს იესო, შეკრეს და წაიყვანეს მღვდელმთავრებთან. ხოლო მისი მოწაფეები შიშისაგან გაიფანტნენ.

ქრისტე პირველად მიიყვანეს მღვდელმთავარ ანნასთან, შემდეგ - კაიაფასთან. აქ გამოცხადდნენ ცრუმოწმეები, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. მაშინ კაიაფა მღვდელმთავარმა უთხრა მას: „გაფიცებ შენ ღმერთსა ცხოველსა, გვითხარი: შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“ იესომ უპასუხა: „მე ვარ. და ამიერიდან იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ღმრთის მარჯვნივ, მომავალს ცის ღრუბლებზე“. ეს რომ გაიგონა, კაიაფამ შემოიგლიჯა თავისი ტანისამოსი და დაიყვირა: „რაღად გვინდა სხვა მოწმენი? თქვენ თვითონ გაიგონეთ მისგან ღმრთის გმობა. თქვენ როგორ გგონიათ?“ ყველამ მიუგო: „ის სიკვდილის ღირსია“. მაშინ მსახურებმა გამოიყვანეს იესო გარეთ და დაუწყეს დაცინვა: აგინებდნენ მას, სცემდნენ ყვრიმალში, აფურთხებდნენ სახეში, იესო ითმენდა და ჩუმად იყო.

პარასკევ დილით იესო ქრისტე წაიყვანეს პონტოელ პილატესთან, იუდეის მმართველთან, რომ მას სასიკვდილო განაჩენი დაემტკიცებინა. პილატემ მღვდელმთავრებს ჰკითხა: „რა ბრალს სდებთ ამ კაცს?“ იმათ მიუგეს: „ის ხალხს რყვნის, თავს მეფეს უწოდებს და ხალხს კეისრისთვის ხარკის მიცემას უკრძალავს“. პილატემ ჩვენება ჩამოართვა იესოს, მაგრამ ვერაფერი ბრალი ვერ უპოვა და უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ ხალხი მღვდელმთავრების შთაგონებით თხოულობდა მის სიკვდილს.

პილატემ ბრძანა ეცემათ, ჩაეცმიათ ძოწეული სამოსელი და დაედგათ ეკლის გვრიგვინი, და ასე ეჩვენებინათ ის იუდეველთათვის. პილატე ფიქრობდა, რომ ასე აღძღავდა მათში სიბრალულს. მაგრამ ისინი ყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე!“ სულმოკლე პილატემ ხალხის წინ დაიბანა ხელი და თქვა: „უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისა, თქვენ იხილეთ“. ხალხმა დაიყვირა: „სისხლი მაგისი ჩვენ ზედა, და შვილთა ჩვენთა ზედა“. მაშინ პილატემ მისცა იესო ქრისტე იუდეველთ, რომ ჯვარზე ეცვათ იგი.

იესო წაიყვანეს გოლგოთას მთაზე და იქ ორ ავაზაკს შორის ჯვარს აცვეს. უფალი ჯვარზე ლოცულობდა თავისი მტრებისათვის: „მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. ხოლო მტრებმა იგი ჯვარზედაც არ მოასვენეს. ისინი დაცინვით ეუბნებოდნენ: „იხსენ შენ თავი, თუ ძე ღმრთისა ხარ, გადმოდი ჯვრიდან და ჩვენ გირწმუნებთ“. ერთი ავაზაკთაგანი ასევე გმობდა ღმერთს, ხოლო მეორე უშლიდა ამხანაგს ღვთის გმობას, შემდეგ კი ქრისტეს უთხრა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. იესომ უთხრა მას: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა შინა“.

ჯვართან იდგნენ მისი დედა და მოციქული იოანე. უფალმა უთხრა დედას იოანეზე: „აჰა, ძე შენი“. ხოლო იოანეს უთხრა: „აჰა, დედაჲ შენი“. ამ დღიდან იოანემ ღვთისმშობელი წაიყვანა თავის სახლში. ბოლოს ქრისტემ თქვა: „აღსრულდა!“ მან დახარა თავი და მისცა თავისი სული მამა ღმერთს.

ქრისტეს ტანჯვის დროს მზე დაბნელდა, მიწა იძრა, ტაძრის კრეტსაბმელი (ფარდა) ორად გაიპო, კლდენი გასკდნენ, საფლავები გაიხსნა და ბევრი მკვდარი აღდგა და ბევრს გამოეცხადნენ ქრისტეს აღდგომის შემდეგ. ყოველივე ამის მხილველნი იუდეველნი მკერდზე ხელს იცემდნენ და დაბრუნდნენ შინ; ხოლო ასისთავი, რომელიც ჯვართან იდგა, შიშით ამბობდა: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისა იყო ესე“.

პარასკევ საღამოს პილატეს ნებართვით ქრისტეს ორმა ფარულმა მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა იესოს სხეული გარდამოხსნენ ჯვრიდან, სცხეს მას ნელსაცხებელი, შეახვიეს იგი არენაკში (წმინდა ტილოში) და დაასვენეს ახალ საფლავში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი იოსების ბაღში და საფლავზე დაადეს დიდი ლოდი.

შაბათს, დილით ადრე, იუდეველნი მივიდნენ პილატესთან და უთხრეს: „ჩვენ გავიხსენეთ, რომ იმ მაცდურმა თქვა: სამ დღეში აღვდგებიო. უბრძანე საფლავის დაცვა მესამე დღემდე, რომ ღამე მისმა მოწაფეებმა არ მოიპარონ და არ უთხრან ხალხს, აღდგა მკვდრეთითო“. პილატე დათანხმდა და საფლავს დაუყენეს მცველები, ხოლო ლოდი დაბეჭდეს.