ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

იოანე ნათლისმცემლის ქადაგება

(ლუკა 3, 1-18; მათე 3, 1-12; მარკოზი 1, 2-8)

წმიდა იოანე სიყმაწვილეში დაობლდა. ის წავიდა და მარხვით და ლოცვით ატარებდა დროს. ეცვა აქლემის მატყლისაგან მოქსოვილი უხეში სამოსელი, ერტყა ტყავის სარტყელი; ჭამდა კალიებსა და გარეული ფუტკრის თაფლს. როცა მას ოცდაათი წელი შეუსრულდა, ღმრთის ბრძანებით, მან დაიწყო ქადაგება მდინარე იორდანის გარშემო სოფლებში: „შეინანეთ, - ეუბნებოდა მასთან მიმსვლელებს, - რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“. ის სინანულისკენ მოუწოდებდა ხალხს. ამბობდა, რომ მათ მრავალი ცოდვა ამძიმებდათ, „ჰქმენით ნაყოფი, ღირსი სინანულისა“, და ახლა მათი მონანიებით უნდა შედგომოდნენ განწმენდას, რადგან მოახლოებული იყო ცათა სასუფეველი. იმათ, ვინც აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს, ის ნათლავდა იორდანეში. ამიტომ მას ეწოდება ნათლისმცემელი.

ხალხი ფიქრობდა, რომ ის არის ქრისტე, მაგრამ ის ეუბნებოდა ხალხს: „მე არა ვარ ქრისტე, მე ნათელს-გცემ თქვენ წყლით, მაგრამ მოვა ჩემზე უძლიერესი, ის ნათელს გცემთ სულიწმიდითა და ცეცხლით“.