ერთხელ იესო ქრისტე ზღვის ნაპირზე ასწავლიდა ხალხს. მასთან მივიდა შესაკრებლის (სინაგოგის) უფროსი, იაიროსი, მის წინ დავარდა და უთხრა: „ჩემი ასული სიკვდილამდეა მიწევნილი, მოდი, დასდევი მას ხელი და ის განიკურნება“. იესო წაჰყვა მას. იესოს მიჰყვებოდნენ მოწაფეები და დიდძალი ხალხი. ხალხში იყო ერთი ქალი, რომელიც 12 წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა: მან მთელი თავისი ქონება ექიმებს გადააგო, მაგრამ არ განიკურნა. როცა გაიგო იესოს ამბავი, იფიქრა: თუკი შევეხები მის ტანისამოსს, განვიკურნებიო. ის მივიდა, სარწმუნოებით შეეხო მის ტანისამოსს და მაშინვე განიკურნა. იესო მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: „ვინ შეეხო ჩემს ტანისამოსს?“ პეტრე მოციქულმა უთხრა: „მოძღვარო! გარშემო ხალხი გახვევია და გავიწროვებს, შენ კი ამბობ: „ვინ შემეხო მე?“ იესომ მათ უთხრა: „მე ვიღაც შემეხო, რადგანაც მე ვიგრძენი, რომ ჩემგან ძალა გავიდა“. ქალი კანკალით მივიდა, დავარდა მის წინ და ხალხის წინაშე განაცხადა, რისთვისაც შეეხო მას და როგორ განიკურნა მაშინვე. ქრისტემ უთხრა მას: „ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშვიდობით“.
ამ დროს მოვიდა ვიღაცა და იაიროსს უთხრა: „მოკვდა შენი ასული. ნუღარ აწუხებ მოძღვარს“. მაგრამ იესომ ეს რომ გაიგონა, უთხრა იაიროსს: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს და ასულს ეშველება“. იესო იაიროსის სახლში მივიდა, დაინახა იქ მომტირალნი და მგოდებელნი და უთხრა მათ: „ნუ სტირთ, გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს“. და დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო. მაშინ იესომ სახლიდან ყველა დაითხოვა, მხოლოდ პეტრე, იაკობი და იოანე და ბავშვის დედ-მამა შეიყვანა, შევიდა იქ, სადაც მკვდარი ესვენა, მოჰკიდა მას ხელი და უთხრა: „ასულო! შენ გეუბნები, ადექი“. გოგონა ადგა და დაიწყო სიარული. იესომ უბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის. მშობლები გაკვირდნენ, ხოლო იესომ ბრძანა, რომ არავისთვის ეთქვათ ამ შემთხვევის შესახებ.