როცა მოახლოვდა მაცხოვრის განხორციელების დრო, ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ კეთილმსახური მოხუცები: იოაკიმე და მისი ცოლი ანა. იოაკიმე წარმოდგებოდა დავითის ტომისაგან, ანა კი - აარონის ტომისაგან. ისინი იყვნენ უშვილონი და გულმოდგინედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის შვილი მიეცა. თან აღთქმა დაუდეს: თუ მათ ღმერთი შვილს მისცემდა, მას ტაძრის მსახურად შესწირავდნენ.
ღმერთმა ისმინა მათი ვედრება და მისცა ასული, რომელსაც მარიამი დაარქვეს. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის შობას ვდღესასწაულობთ ახ. სტ. 22 სექტემბერს (ძვ.სტ. 8 სექტემბერს).
როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მისმა მშობლებმა აღთქმისამებრ მიიყვანეს ტაძარში და შესწირეს ღმრთის სამსახურებელად. ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანებას ვდღესასწაულობთ ახ.სტ. 4 დეკემბერს (ძვ. სტ. 21 ნოემბერს).
მარიამი იქ თოთხმეტ წლამდე დარჩა. კითხულობდა საღმრთო წერილს, ლოცულობდა და ხელსაქმობდა. მეთხუთმეტე წელიწადს აღმზრდელებმა მოინდომეს მისი გათხოვება, მაგრამ მან უთხრა, რომ ღმერთისთვის აღთქმა ჰქონდა მიცემული, სამუდამოდ ქალწულად დარჩენილიყო. მაშინ მღვდლებმა, ღმრთის შთაგონებით, დაწინდეს იგი მოხუც იოსებზე, რათა წოდებულიყო მის ქმრად, ეზრუნა მასზე და დაეცვა იგი. ამასთან, უთხრეს იოსებს, თუ როგორი აღთქმა ჰქონდა მარიამს ღმრთისადმი მიცემული.
მართალი იოსები წარმოდგებოდა დავითის ტომისაგან, ცხოვრობდა ქალაქ ნაზარეთში და იყო ხურო*.
ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი დაბინავდა იოსების სახლში, ეხმარებოდა მას ხელსაქმით, კითხულობდა საღმრთო წერილს და ლოცულობდა.
ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ტაძარში მსახურებდა, მარიამი კითხულობდა ესაიას წინასწარმეტყველების წიგნს. ამ დროს გამოეცხადა ღმრთისაგან მოვლენილი გაბრიელ მთავარანგელოზი და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის! შენ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა და შობ ძეს და უწოდებ მას იესოს“. (იესო ნიშნავს მაცხოვარს, ან მხსნელს). მარიამმა უთხრა: „როგორ მოხდება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ მთავარანგელოზმა უპასუხა: „სულიწმიდა მოვა შენს ზედა და უზენაესის ძალი დაგფარავს. ამიტომ შენგან შობილს წმიდა ეწოდება და ძე ღმრთისა. შენს ნათესავს, ელისაბედსაც ბერწს ეძახდნენ. სიბერეში ჩაესახა ძე, უკვე მეექვსე თვეა. რამეთუ ღმრთისათვის შეუძლებელი არაფერია“. მაშინ მარიამმა თქვა: „მე ვარ მხევალი უფლისა! მოხდეს შენი სიტყვისამებრ“, - და წავიდა მისგან ანგელოზი.
ქალწულ მარიამის ხარებას ვდღესასწაულობთ ახ. სტ. 7 აპრილს (ძვ.სტ. 25 მარტს).
ელისაბედი იყო ზაქარია მღვდელმთავრის ცოლი, რომელსაც ამავე მთავარანგელოზმა ახარა, რომ მას ეყოლებოდა ძე, რომელსაც დაარქმევდნენ იოანეს და მოამზადებდა ხალხს უფლის მისაღებად.
როგორც კი გაიგო ანგელოზისაგან ელისაბედის მდგომარეობა, ქალწული მარიამი მაშინვე წავიდა იუდეველთა ქალაქში, შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. როცა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა მოისმინა, სულიწმიდით აღივსო და ხმამაღლა წარმოთქვა: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა! ეს რას ვეღირსე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან“. მარიამმა თქვა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
მარიამი დარჩა ელისაბედთან სამ თვემდე და მერე თავის სახლში დაბრუნდა.
ელისაბედმა შვა ძე, რომელსაც დაარქვეს იოანე.
*ხურო - ხელოსანი, რომელიც აკეთებს შენობის ხის ნაწილებს.