ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

იუდას გამცემლობა და საიდუმლო სერობა

(მათე 26, 1-5; 14, 16, 20-35; მარკოზი 14, 10-25; ლუკა 22, 1-30; იოანე 13, 1-30)

პასექის დღესასწაული მოახლოვდა. მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი შეიკრიბნენ კაიაფას ეზოში, ბჭობა ჰქონდათ და დაადგინეს: დაეჭირათ იესო ეშმაკობით და მოეკლათ. მაშინ ერთი თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელი, მივიდა მათთან და უთხრა: „რას მომცემთ, რომ მოგცეთ იგი?“ მას მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი. იუდა დათანხმდა და ეძებდა მარჯვე დროს, რომ იგი გაეცა. ეს იყო ოთხშაბათს.

ხუთშაბათ საღამოს თავის მოწაფეებთან ერთად უფალი წავიდა იერუსალიმში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ოთახი, რომ მას უკანასკნელად შეესრულებინა პასექი. როცა შევიდა იმ ოთახში, იესო ქრისტემ პირველად თავის მოციქულებს დაბანა ფეხები და ამით აჩვენა მათ თავმდაბლობის მაგალითი, მერე დაჯდა სერობად (ვახშმად).

იესო ქრისტემ აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა“. შემდეგ აიღო ბარძიმი ღვინით, აკურთხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, თვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“. მოწაფეებმა პურის და ღვინის სახით მიიღეს ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი. შემდეგ ქრისტემ დაუმატა: „ამას ყოფდეთ ჩემდა მოსახსენებელად“.

სერობის დროს მან უთხრა მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, ერთი თქვენგანი მიმცემს მე“. მოწაფეები გაოცდნენ და ეკითხებოდნენ: „მე ხომ არ ვარ, უფალო?“ იოანემ ჩუმად ჰკითხა: „უფალო, ვინ არის ის?“ უფალმაც ხმადაბლა უპასუხა: „ეს ის არის, ვისაც მე ამოწებულ პურის ლუკმას მივცემ“. და იუდა ისკარიოტელს მისცა პურის ლუკმა. იუდა მაშინვე გამოვიდა; მან გაიგო, იესო სად გაატარებდა ღამეს.

ამის შემდეგ უფალი და მისი მოწაფეები ადგნენ და ფსალმუნთა გალობით წავიდნენ გეთსამანიის ბაღში. გზაზე იესო ქრისტემ თავის მოციქულებს მისცა ახალი მცნება. „მცნებასა ახალსა მოგცემ თქვენ, - უთხრა ქრისტემ მოციქულებს, - რაჲთა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარე თქვენ“. ამით გაიგოს ყველამ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.