ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

(მათე 20, 1-17; მარკოზი 11, 1-11; ლუკა 19, 29-46; იოანე 12, 2-15; 17-19)

პასექამდე* ექვსი დღით ადრე იესო ქრისტე კვლავ მივიდა ბეთანიაში და იქიდან წავიდა იერუსალიმში. მოწაფეებმა მისი ბრძანებით მოჰგვარეს ვირი და მისი ჩოჩორი. ჩოჩორს გადააფარეს ტანისამოსი, იესო შეჯდა მასზე და წავიდა იერუსალიმში. ამასობაში იერუსალიმში ხმა გავრცელდა, რომ იესო იქ მიდიოდა. ბევრი გამოეგება მას, ადიდებდნენ და მეფურ პატივს მიაგებდნენ; ხალხი თავიანთ ტანსაცმელს და ხის ტოტებს უფენდა გზაზე და გალობდა: „ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არ მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა მაღალთა შინა“.

როცა იესო იერუსალიმში შევიდა, მთელი ქალაქი შეიძრა და რომელთაც არ ენახათ, კითხულობდნენ: „ვინ არის ეს?“ ხალხი ეუბნებოდა მათ: „ეს არის იესო, წინასწარმეტყველი ნაზარეთიდან“. იესო შევიდა ტაძარში, გამოდევნა იქიდან მოვაჭრეები, განკურნა ბრმები და კოჭლნი. ბავშვები ტაძარში ხმამაღლა გალობდნენ: „ოსანა ძესა დავითისსა“. მღვდელმთავრნი და მწიგნობარნი განრისხდნენ და უთხრეს მას: „გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესომ უთხრა მათ: „განა თქვენ არასოდეს აღმოგიკითხავთ: პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?“ (ფსალმუნი 8, 3) იესო ქრისტემ დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან და დაბრუნდა ბეთანიაში.

* პასექი - იუდეველთა დღესასწაული