ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

დავრდომილის განკურნება ბეთეზდასთან

(იოანე 5, 1-16)

ვაჭრების ტაძრიდან განდევნიდან ერთი წლის შემდეგ, იესო ქრისტე პასექის დღესასწაულზე მივიდა იერუსალიმში. აქ ცხვრის ჭიშკართან აუზი იყო ხუთთავიანი დერეფნით. მას ებრაულად ერქვა ბეთეზდა (მოწყალების სახლი). აქ იწვა მრავალი უძლური, ბრმა, კოჭლი და ყველანი წყლის შერხევას მოელოდნენ. ეს ხდებოდა მაშინ, როცა უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა აუზში და წყალს აღელვებდა. და ვინც პირველი მოასწრებდა წყალში ჩასვლას, განიკურნებოდა, რა სენითაც უნდა ყოფილიყო შეპყრობილი.

იქ იყო 38 წლის კაცი, იესო მივიდა მასთან და ჰკითხა: „გინდა რომ განიკურნო?“ სნეულმა მიუგო: „მინდა, მაგრამ კაცი არა მყავს, რომ ჩამსვას საბანელში, როცა წყალი შეირხევა. ხოლო როცა მე მივალ, სხვა ჩემზე წინ ჩადის და იკურნება“. ქრისტემ უთხრა მას: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი“. სნეული მაშინვე განიკურნა, თავისი სარეცელი აიღო და წავიდა. ეს იყო შაბათი დღე.

იუდეველებმა უთხრეს განკურნებულს: „დღეს შაბათია, სარეცელის აღება არ შეიძლება“. მან მიუგო: „ვინც მე განმკურნა, მან მიბრძანა სარეცელის წაღება და წასვლა“. მას ჰკითხეს: „ვინ არის ის კაცი?“ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო ხალხში შეერია. შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: „აი, შენ განიკურნე, მეტს ნუღარ სცოდავ, რომ უარესი არ დაგემართოს“. ის კაცი წავიდა და იუდეველებს განუცხადა, რომ მისი განმკურნავი არის იესო. იუდეველებმა დაუწყეს დევნა იესოს და მისი მოკვლა უნდოდათ, რადგან შაბათ დღეს საქმე აღასრულა.