შაბათის შემდეგ პირველ დღეს, დილით ადრე, უეცრად მიწა შეიძრა და გამოცხადდა უფლის ანგელოზი, გადააგორა ლოდი საფლავისგან და დაჯდა მასზე. ამის ნახვით თავზარდაცემული მცველები გაიქცნენ. ქრისტე აღდგა და გამოვიდა საფლავიდან.
იმ დღესვე, დილით ადრე, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, ზოგიერთი კეთილმსახური ქალი - მარიამ მაგდალინელი, სალომე და სხვები - მიდიოდნენ მაცხოვრის საფლავზე, რომ მისი სხეულისათვის ნელსაცხებელი ეცხოთ. მარიამ მაგდალინელი ყველაზე ადრე მივიდა და ნახა, რომ ლოდი გადაგორებული იყო საფლავიდან; მან იფიქრა, რომ მტრებმა წაიღეს ქრისტეს სხეული, უკან გაბრუნდა და ამის სათქმელად ქრისტეს მოციქულებთან, პეტრესა და იოანესთან გაიქცა. სხვა მენელსაცხებლე დედები მივიდნენ საფლავთან და დაინახეს ანგელოზი, რომელმაც უთხრა მათ, რომ ქრისტე აღდგა და რომ ის აღარ იყო იქ. ისინი შიშით და სიხარულით დაბრუნდნენ უკან. და ეს ამბავი მოწაფეებს აუწყეს, მაგრამ მოწაფეებმა არ დაუჯერეს. ამასობაში მოციქულებმა პეტრემ და იოანემ მიირბინეს მაცხოვრის საფლავთან, შევიდნენ კლდეში და ნახეს, რომ ტილოები, რომლებშიაც უფლის სხეული იყო შეხვეული, ცალკე ეყარა, ხოლო სუდარა, რომელიც თავზე ეფარა, ცალკე იდო დაკეცილი. ეს რომ იხილეს, იოანე დარწმუნდა, პეტრეს კი უკვირდა ეს ამბავი, და ორივენი უკან დაბრუნდნენ.
აღდგომა დღეს ქრისტე გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს იოსების ბაღში, და ორ მოწაფეს, რომლებიც მიდიოდნენ ემაოსს, საღამოს კი იერუსალიმში თომას გარდა ყველა მოწაფეს გამოეცხადა. ერთი კვირის შემდეგ ის კიდევ გამოეცხადა ყველა მოწაფეს, როდესაც მათთან თომაც იყო, რომელიც ეჭვობდა მის აღდგომას, და რომელსაც მან ნება მისცა, გაესინჯა მისი ხელები და გვერდი. შემდეგ გამოეცხადა მოწაფეებს გალილეის ტბის ნაპირზე; გამოეცხადა გალილეის მთაზე ხუთასზე მეტ მორწმუნეს. ის ეცხადებოდა მოციქულებს 40 დღის განმავლობაში და ასწავლიდა მათ ღვთის სასუფევლის შესახებ.