ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

ქადაგება მთაზე

(მათე 5, 1-12; 6; 7)

ერთხელ იესო ქრისტე მთაზე ავიდა. აქ მას გარს შემოეხვივნენ მისი მოწაფეები. იესო ქრისტე დაჯდა და დაუწყო მათ სწაველბა:

1) ნეტად იყვნენ გლახაკნი სულითა (თავმდაბალნი), რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

2) ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა (რომლებიც თავიანთ ცოდვებზე წუხან), რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.

3) ნეტარ იყვნენ მშვიდნი (უწყინარნი), რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

4) ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ;

5) ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ;

6) ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ;

7) ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ;

8) ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა;

9) ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.

იესო ქრისტე ასწავლიდან აგრეთვე: არ დაერღვიათ ღვთის სჯული, არამედ შეესრულებინათ; არავინ განრისხებოდა თავის ძმას, არამედ ყველასთან მშვიდობით ეცხოვრათ; განშორებოდნენ ყოველივე იმას, რაც აცდუნებს კაცს; არ დაეფიცათ არაფერი და ყოველთვის სიმართლე ელაპარაკათ. ბოროტის წილ ბოროტი არ მიეგოთ, არამედ ყვარებოდათ მტერიც და ეკურთხებინათ მაწყევარნი მათნი; ქველმოქმედებით მოპყრობოდნენ თავიანთ მოძულეებს; სიკეთე ფარულად აღესრულებინათ და ლოცვის დროს ბევრი არ ელაპარაკათ, ემარხულათ მოუწყენლად, მიეტევებინათ ადამიანებისთვის მათი შეცოდებანი; მომეტებულად ეზრუნათ ზეციურ სასუფეველზე, და არა ქვეყნიურ სარგებლობაზე; არ განესაჯათ სხვა და არ ეძებნათ სხვისი ნაკლი, არამედ თავიანთი გამოესწორებინათ; ყოველივე, რასაც სხვისგან მოითხოვდნენ, თვითონაც აღესრულებინათ სხვის მიმართ.

როცა იესო ქადაგებდა, ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება, რადგან ის ასწავლიდა, როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.